29 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
მივესალმები გოჩა ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლედ არჩევას - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძის არჩევას მიესალმება.

ამის შესახებ საუბარია მაკრონის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში, რომლის თარგმანსაც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე, მადლობას მოგახსენებთ 2020 წლის 30 ნოემბრის წერილისთვის, რომელსაც ყურადღებით გავეცანი. ორიენტირებულია რა ევროპაზე, თქვენს ქვეყანას საფრანგეთი მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს, რომელთანაც, როგორც მოგეხსენებათ, მსურს რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები. ამის დასტურია ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის დაფუძნება, რომელიც ჩვენ ერთად დავაარსეთ და რომელმაც უკვე დაიწყო ფუნქციონირება და პირველი შედეგების ჩვენება. სამხრეთ კავკასიის პრობლემურ კონტექსტში, ჩვენს ქვეყნებს შორის სიახლოვეს დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ხაზგასმით აღინიშნა საფრანგეთ-გერმანიის 12 დეკემბრის განცხადებაში.

თქვენს წერილში, მთხოვეთ ყურადღება გამემახვილებინა პროფესორ გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (CPI) მოსამართლის თანამდებობაზე 2021-2030 წლების ვადით, არჩევნების ფარგლებში, რომელიც 2020 წლის 17 – 23 დეკემბერს ნიუ-იორკში ჩატარდა.

თქვენ ხაზი გაუსვით მის მდიდარ პროფესიულ გამოცდილებას საერთაშორისო სამართალში და ომის დანაშაულების მსხვერპლთა დახმარებაში, მის შესანიშნავ პროფესიონალიზმს, ისევე როგორც მიუკერძოებლობას, თვისებებს რომლებიც აუცილებელია საერთაშორისო სასამართლოში მოღვაწეობისთვის. მართლაც, დამოუკიდებელმა საკონსულტაციო კომისიამ დაადასტურა რომ თქვენს კანდიდატს გააჩნია აუცილებელი კვალიფიკაცია საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის პოსტისთვის და ჩვენც ასევე აღვნიშნეთ ღია განხილვისას რომ ბატონი ლორთქიფანიძე შესანიშნავი კანდიდატი იყო.

სწორედ ამიტომ, მივესალმები 18 დეკემბერს ნიუ-იორკში ბატონი ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლედ არჩევას და ვუსურვებ მას წარმატებას თავისი მოვალეობის შესრულებაში მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყნებმა შეინარჩუნონ და გააძლიერონ მხარდაჭერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი, რომელიც მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის წყაროს წარმოადგენს," - ნათქვამია მაკრონის წერილში.

დღის ამბები