29 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
დადებითობის მაჩვენებელი კვლავ საყურადღებოა, უნდა განახევრდეს, რომ შეზღუდვების მოხსნაზე ვისაუბროთ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი კვლავაც საყურადღებო რჩება და შეზღუდვების მოხსნაზე უფრო აქტიური საუბარი რომ დაიწყოს, ის მინიმუმ უნდა განახევრდეს.

"დადებითობის მაჩვენებელი კვლავაც საყურადღებო რჩება, ანუ დაახლოებით 11% იყო საშუალო მაჩვენებელი ბოლო პერიოდში და სულ მცირე უნდა განახევრდეს, რომ შეზღუდვების მოხსნაზე უფრო აქტიურად ვისაუბროთ. ამდენად, ჯერჯერობით იმისი საფუძველი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სტაბილურად შევინარჩუნებთ ეპიდემიის მაჩვენებელს, ამ ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე არ გვაქვს. ამდენად, უნდა დაველოდოთ ისევ პირველ თებერვალს.

გარკვეული შეზღუდვები აუცილებლად შემსუბუქდება და სხვა დანარჩენი, რა ფარგლებში შეიძლება ეს მოხდეს, წინასწარ ამის თქმა რთულია. ეპიდემიოლოგიური ანალიზი იქნება ამისი პასუხი," - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით კი, დაწესებული შეზღუდვების მოხსნა შემდგომ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული.

"შეზღუდვები, რა თქმა უნდა, მოიხსნება. რა დოზით მოიხსნება, ამაზე ჩემს პოზიციას მოგახსენებთ, როცა ვნახავ როგორი იქნება სიტუაცია, იმიტომ, რომ დღეს 1800-ზე მეტი შემთხვევა არის ახალი წლის გამოძახილი და ვნახავთ, როგორი სიტუაცია იქნება," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები