29 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
ქველმოქმედება იქნება თუ არა, ამას ჯერ კიდევ ვნახავთ, ჯერჯერობით, ეს არის ქონების გადაფორმება - თინათინ ხიდაშელი

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ქონების ფონდ "ქართუსთვის" გადაფორმება ამ ქონების ქველმოქმედებაში ჩადებას არ ნიშნავს. თინათინ ხიდაშელის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან, როგორც ქველმოქმედდთან, პრეტენზია არავის არ აქვს, თუმცა ხიდაშელი ამბობს, რომ ამჯერად, ქონების ფონდისთვის გადაფორმებას, სავარაუდოდ, სხვა მიზნები აქვს:

"ფონდ "ქართუს" რომ გადაუფორმა ქონება, ეს არაა ქველმოქმედება. ქველმოქმედება იქნება თუ არა, ამას ჯერ კიდევ ვნახავთ. ჯერჯერობით, ეს არის ქონების გადაფორმება. "ქართუ", რა თქმა უნდა, უზარმაზარ კარგ საქმეს აკეთებს და იმ საქმეს, რასაც "ქართუ" აკეთებს, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური რესურსები უდგას უკან, ესეც ერთმნიშვნელოვანია, მე არა მგონია საქართველოში ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილთან ან ფონდ "ქართუსთან", როგორც ქველმოქმედების გამწევ ადამიანთან, ან ორგანიზაციასთან. მაგრამ ამას არაფერი არ აქვს საერთო იმასთან, რომ ქვეყანაში პოლიტიკა გააქრო ბიძინა ივანიშვილმა და სახელმწიფოებრიობა გაქრობის ზღვარზე დააყენა. ქველმოქმედება იქნება, თუ არა, ის ქონება, რომელიც "ქართუზე" გადააფორმა, ეს ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რადგან ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს ვიფიქროთ, რომ სრულიად სხვა მიზანი ჰქონდა ამ ქონების გადაფორმებას. აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილება არის ძალიან სერიოზული დარტყმა "ქართული ოცნებისთვის", რომელიც თავიდან ბოლომდე ჩამოკიდებული იყო ტრამპის ადმინისტრაციაზე და იყო დარწმუნებული მის გამარჯვებაში და მთელი ეს მათი იდეოლოგია, რომელსაც ზაზა შათირიშვილის იდეოლოგიას ვეძახი, ემყარება სწორედ ლიბერალური დემოკრატიის ნგრევის თუ შესუსტების კონცეფციას და ეს მითი დაინგრა. ამერიკაში ახალი ადმინისტრაცია მოდის, რომელმაც გააძლიერა სანქციების პოლიტიკა,"- აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

დღის ამბები