29 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
"სერბული მოდელი არის განხილვის თემა... შეთანხმების მთავარი საფუძველი უნდა იყოს ახალი არჩევნები ქვეყანაში" - ზაალ უდუმაშვილი

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველ გუნდთან შეთანხმების მთავარი საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნაა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ოპოზიციის შიგნით სერბული მოდელიც განიხილება.

"შეთანხმების მთავარი საფუძველი უნდა იყოს ახალი არჩევნები ქვეყანაში. ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ და ვისაუბროთ ვადებზე, რა დროს უნდა ჩატარდეს, რა წინაპირობები უნდა იყოს ამისთვის, მაგრამ ის, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს, არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა და შესაბამისად, ამის ირგვლივ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ხელისუფლებასთან.

სერბული მოდელი, არ დაგიმალავთ, არის განხილვის თემა, მათ შორის - ოპოზიციის შიგნითაც. ჯერჯერობით, არ არის ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში და ოპოზიცია საქმიანობას პარლამენტში გააგრძელებს.

"ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ და მივედით რამდენიმე ალტერნატიული წინადადებით, ვადებთან დაკავშირებით, პლებისციტთან დაკავშირებით და ა.შ.

იმავე საკითხზე "ქართულ ოცნებას" ალტერნატიული წინადადება არ მოუტანია.

მოლაპარაკების წარმატების შემთხვევაში და პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ და გააგრძელებენ პარლამენტში საქმიანობას," - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე კი ამბობს, რომ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არსებობს.

"არსებობს შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა, ვინაიდან პოლიტიკურ შეთანხმებას არ აქვს ალტერნატივა და თუ ჩვენ გვინდა, რომ ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყოს საქართველოში და ეს მოხდეს პარლამენტის კედლებს შიგნით, აუცილებლად უნდა მოხდეს შეთანხმების მიღწევა ახალ არჩევნებთან დაკავშირებით," - განაცხადა "ლელოს წევრმა" საბა ბუაძემ.

დღის ამბები