29 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
მათემატიკური გათვლებით მესამე ტალღა უნდა დაიწყოს აპრილში, თუ არ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, მივიღებთ უფრო ადრე, პირბადე უნდა იყოს ხელმისაწვდომი - გიორგი ფხაკაძე

კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი შესაძლოა ისევ გაიზარდოს - ეს პროგნოზი აქვთ სპეციალისტებს, რომელთა აზრითაც, დღესასწაულების აღნიშვნა უარყოფითად აისახება კოვიდდადასტურებული შემთხვევების რაოდენობაზე. 

ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ინფიცირების მესამე ტალღა, მათემატიკური გათვლებით, აპრილშია მოსალოდნელი, თუმცა, მისი თქმით, თუ პირბადის ხელმისაწვდომობა არ გაიზარდა, ის შეიძლება უფრო ადრე დადგეს. 

"მათემატიკური გათვლებით, მესამე ტალღა უნდა დაიწყოს აპრილში, მთელი მსოფლიო ელოდება და არის მოლოდინის რეჟიმში. მაგრამ, ისევე, როგორც ჩვენ მოგვივიდა მეორე ტალღის შემთხვევაში, როცა ველოდებოდით ნოემბერში და მივიღეთ სექტემბერში, თუ არ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, იმის ნაცვლად, რომ მესამე ტალღა აპრილში იყოს და იქამდე კარგად მოვემზადოთ, მივიღებთ უფრო ადრე. ეს გადაწყვეტილებები არის ერთი და იგივე - პირბადის ხელმისაწვდომობა. ყველა ამბობს, პირბადეო, კი ბატონო, მაგრამ თუ ის ღირს 1 ლარი და 60 თეთრი, ადამიანმა როგორ იყიდოს ის პირბადე, სუბსიდირება გააკეთონ, რომ პირბადე იყოს 5 თეთრი, ეს არის ერთადერთი წამალი, ვაქცინა, რომელიც არსებობს დღევანდელ მსოფლიოში კოვიდის საწინააღმდეგოდ,"- განაცხადა მან. 

მედიცინის დოქტორის, მაკა გულეიშვილის განცხადებით, სადღესასწაულო დღეებში გაზრდილი მობილობის შედეგი სტატისტიკაში, დაახლოებით, ორ კვირაში აისახება. 

"სავარაუდოდ, ორი კვირის, 10-15 დღის შემდგომ ჩვენ გვექნება კიდევ უფრო რეალური შედეგები იმ წინა დღეებიდან გამომდინარე, როდესაც იყო დღესასწაულები, ანუ, უფრო მეტი რაოდენობის ადამიანის კონტაქტები და ურთიერთობები შეინიშნებოდა. დღეს გამოვლენილი ინფიცირებულების რაოდენობა, შეიძლება ითქვას, სამჯერ მეტია, ეს არის ზუსტად იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად,"- განაცხადა მაკა გულეიშვილმა

სადღესასწაულო დღეებში კლინიკებისთვის მიმართვიანობა შემცირებულია და მაჩვენებელიც მხოლოდ სამნიშნა იყო. დღეს კი ახალი შემთხვევების რაოდენობამ 2 058 შეადგინა. საქართველოც და მსოფლიოც მესამე ტალღის მოლოდინშია.

დღის ამბები