რაგბის კავშირს პრეზიდენტი ისევ არ ჰყავს. იმის გამო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ბაჩო ხურციძესთვის პროცესები არალეგიტიმურია, 30 დეკემბრის კენჭისყრის შედეგი ძალაში არ შესულა.
თუმცა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბაჩო ხურციძემ პირობა დადო, რომ თუკი აბუსერიძე-სვანიძის ალიანსს საჯარო რეესტრი დაარეგისტრირებს, ის სასამართლოში გასასაჩივრებლად არ წავა.
"იმ შემთხვევაში, თუკი აბუსერიძე-სვანიძის ალიანსი წარადგენს საჯარო რეესტრში რაიმე სახის დოკუმენტს და მათ საჯარო რეესტრი დაარეგისტრირებს, პირობას ვდებ, რომ მე სასამართლოში არ წავალ მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება მაქვს. არ გავასაჩივრებ ამ საკითხს და მათ არ შევუშლი ხელს რაგბის კავშირის მართვაში," - აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბაჩო ხურციძე.
რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი აცხადებს, რომ დღეს მიმდინარე პროცესები, მომგებიანი არავისთვისაა, მაგრამ მისივე თქმით, მთავარია ყველაფერი წესების დაცვით ჩატარდეს.
"როდესაც წლების განმავლობაში ერთი მხარე მეორე მხარეს მუდამ პრეტენზიებს უყენებს, რომ რაღაცები არასწორი იყო და ამის შემდეგ შევრიგდეთ, ამის შეფასებისას მე განზე გავდგები. ეს პროცესი, რა თქმა უნდა მომგებიანი არავისთვის არ არის, მაგრამ მთავარია, რომ ყველაფერი წესების დაცვით ჩატარდეს," - აღნიშნავს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.
ავტორი: დავით ფრანგიშვილი.