29 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
ეს ადამიანები საქართველოში რუსული გავლენების გამავრცელებლები არიან და არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნიათ - ხატია დეკანოიძე "ევროპელ სოციალისტებზე"

დღეს, პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით შესული დეპუტატები ახალ პარტიას ქმნიან. "ევროპელი სოციალისტების" პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურობასა და მათ პარლამენტში შესვლას ოპოზიციის სახელით, სხვა ოპოზიციის წარმომადგენლები არასერიოზულს უწოდებენ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ის ადამიანები, ვინც ოპოზიციის სახელით საკანონმდებლო ორგანოში შევიდა, საქართველოში რუსული გავლენების გამავრცელებლები არიან.

​"კარიკატურულია ის, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საერთაშორისო პარტნიორების თვალში ისე ამართლებენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, რომ თითქოს ოპოზიციიდან იქ რამდენიმე წარმომადგენელი შევიდა. თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანები არიან საქართველოში რუსული გავლენების გამავრცელებლები და მათ არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნიათ ქვეყანაში," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე. 

"სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე კი აღნიშნავს, რომ ახალი პარტიის დაარსება მათგან, ვინც აქამდე "პატრიოტთა ალიანსს" აფინანსებდა, ქვეყანაში სიტუაციას ვერ განმუხტავს. 

"ეს ხალხი "პატრიოტთა ალიანსის", ანუ მთავარი ანტიდასავლური ძალის დამფინანსებლები იყვნენ. ეს არასერიოზულია და მათ არავინ არ მიიჩნევს სერიოზულ ძალად ქვეყანაში. ჩაატარეს დღეს ყრილობა, დააფუძნეს რაღაც პარტია, მაგრამ ეს არ განმუხტავს სიტუაციას, ეს ყველამ იცის," - აღნიშნავს პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე. 

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, უმრავლესობის წარმომადგენლები სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლას კვლავ ელოდებიან, რათა საკუთარ ამომრჩევლებს მისცენ შესაძლებლობა, მომავალში არჩევანი კვლავ გააკეთონ. 

"ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტში პირველი ოპოზიციური პარტია შემოვიდა. გვაქვს მოლოდინი, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საკუთარ ამომრჩეველს პატივს სცემენ და მანდატებს გამოიყენებენ ჯანსაღად. მათი პარლამენტში შემოსვლის შემდეგ, ჩვენ გვექნება ჯანსაღი პაექრობა იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს შემდგომში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა,"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.  

დღის ამბები