29 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 88 მილიონს გადააჭარბა - ქვეყნები მასობრივი იმუნიზაციის მოლოდინში არიან

კოვიდ 19-ის პრევენციისთვის მასშტაბური იმუნიზაციის კამპანია დაწყებულია. ვაქცინის 17 მილიონი დოზა მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ უკვე მიიღო. ამერიკულმა გამოცემა Bloomberg- მა ვაქცინაციის მსოფლიო რუკა შექმნა და ის ქვეყნები, სადაც იმუნიზაცია აქტიურად მიმდინარეობს, გრაფიკულად აღბეჭდა.

გავლენიანი გამოცემის ინფორმაციით, 16 მილიონს აღწევს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც "ბიოტექისა" და "ფაიზერის", "ასტრაზენეკას", "სინოვაკის" ან რუსული წარმოების "სპუტნიკ 5"-ის ვაქცინა გაიკეთეს. ბლუმბერგის მონაცემებით, ირკვევა, რომ ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით ისრაელში, შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს.

"ფაიზერის" და "ბიოტექის" ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალი, ე.წ. ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ ეფექტურია. კვლევა ტექსასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის მეცნიერებმა ჩაატარეს. 

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, ქვეყნებისთვის ჯერ კიდევ მილიარდობით დოზაა გადასანაწილებელი

მასშტაბური იმუნიზაციის ფონზე, კორონავირუსი ახალ ძალებს იკრებს. ინფექციის პრევენციისთვის ზომებს ამკაცრებს ავსტრალიაც. სიდიდით მესამე ქალაქ ბრიზბენში 3 დღიანი ლოკდაუნი გამოცხადდა. მოსახლეობას საცხოვრებელი სახლის დატოვება მხოლოდ გადაუდებელი საქმის შემთხვევაში შეეძლება. ლოკდაუნის მიუხედავად, ქალაქში ღია რჩება აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები. ავსტრალიაში ჩასვლის მსურველებისთვის კორონავირუსის უარყოფითი ტესტის პასუხის ქონა სავალდებულოა, ანალოგიური მოთხოვნა აქვს ბრიტანეთსაც

შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება დააანონსა ესპანეთმა. იკეტება საზღვრები და სკოლებში ონლაინსწავლების რეჟიმს ახანგრძლივებენ. 

მკაცრი საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა უკრაინაში. დღეიდან ქვეყანაში დაიხურა რესტორნები, კაფეები, ბარები, მაღაზიები, სპორტდარბაზები, აუზები, კინოთეატრები, თეატრები და სასწავლო დაწესებულებები. 

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 88 მილიონს გადააჭარბა. ქვეყნები მასობრივი იმუნიზაციის მოლოდინში არიან.

დღის ამბები