29 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა შეაჩეროს ანტისემიტიზმის აღმოცენება - ისრაელის ელჩი 

საქართველოში ისრაელის ელჩ რან გიდორის განცხადებით, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორიის შესახებ ისაუბრა. 

გარდა დეკანოზ ილია კარკაძისა, ისრაელის ელჩი ანტისემიტურად აფასებს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე იოანე გამრეკელის მიერ ჩატარებულ ქადაგებასაც და იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში ანტისემიტიზმის აღმოცენებას ხელს შეუშლის. 

"ზუსტად ერთი კვირის წინ გამოვხატე ჩემი სურვილი და იმედი, რომ ახალ წელს შევხვდებოდით კიდევ უფრო მტკიცე რწმენით, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის მეგობრობა ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის და რომ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არა აქვს.

სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ორშაბათს, 4 იანვარს, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში, 1930 წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტიებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს.

როდესაც კარკაძემ ზემოაღნიშნული ანტისემიტური განცხადებები გააკეთა, ორი კვირაც კი არ იყო გასული ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის და წმინდა სინოდის წევრის, მეუფე იოანე გამრეკელის მიერ ჩატარებული ძალზედ სადავო და პრობლემური ქადაგებიდან, რომლის ნაწილიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც ანტისემიტური.

მე ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში უკვე საკმარისად დიდი ხანი ვიმყოფები იმის გასაცნობიერებლად, რომ ქართველების უდიდესი ნაწილი არ იზიარებს ასეთ შემზარავ შეხედულებებს. ქართველებს დამსახურებლად აქვთ მოპოვებული სტუმართმოყვარე ადამიანების სახელი მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ ცხოვრობს საქართველოში წარმატებული ებრაული საზოგადოება 2 ათასწლეულზე დიდხანს და, სწორედ ამიტომ, აქ ყველაზე ნაკლებად შეეხო მას ანტისემიტიზმი, ვიდრე სხვა ქვეყნების უმეტესობაში.

30 წლის წინ, მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა, ისრაელი - ებრაული სახელმწიფო - ისწრაფვის, რომ სათანადოდ დაუბრუნოს მას ეს სიკეთე და გამოხატავს მადლიერებას, მათ შორის ინვესტიციების განხორციელებით ადგილობრივ ეკონომიკაში, 1500-ზე მეტი ქართველის გადამზადებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის მედიცინა, სოფლის მეურნეობა, განათლება და მაღალი ტექნოლოგიები, ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებითა და კოვიდ 19-ის პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების გაწევით.

2019 წელს საქართველოს ისრაელიდან ტურისტების რეკორდული რაოდენობა, 200 000 სტუმარი ეწვია. ეს არის ტურისტების ყველაზე დიდი ჯგუფი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მას უშუალოდ არ ესაზღვრება. ეს ადამიანები ჩამოვიდნენ აქ იმ იმედით, რომ მათ კვლავ კეთილი განწყობით ელიან და რომ იყო ებრაელი საქართველოში ყოველთვის იქნება საამაყო და არა სასირცხვილო.

მიმდინარე თვეში, 27 იანვარს, აღინიშნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. როგორც ისრაელის სახელმწიფოს ელჩი და შვილი 91 წლის მამის, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვარ, რომ მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ის მკაცრად გმობს ილია კარკაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვას და, ასევე, განმარტა მის მიერვე მანამდე გაკეთებული განცხადება, იმედს ვიტოვებ, რომ მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომელიც ყოველთვის ღიად საუბრობდა თავის გულწრფელ მეგობრობაზე ებრაელ ხალხთან, თავადაც კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტოლერანტობისკენ მოწოდების ეგზომ საჭირო გზავნილს და დაგმობს ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს.

როგორც ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა: "ერთადერთი რამ, რაც აუცილებელია ბოროტების ტრიუმფისთვის, არის ის, რომ კარგმა ადამიანებმა არაფერი აკეთონ“.

მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა შეაჩეროს ანტისემიტიზმის აღმოცენება ამ ქვეყანაში. 



დღის ამბები