29 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
თეოლოგები მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს უსაფუძვლო ბრალდებებში ადანაშაულებენ და მის განკვეთას მოითხოვენ

თეოლოგები ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს უსაფუძვლო ბრალდებებში ადანაშაულებენ და იმ შემთხვევაში, თუ მიტროპოლიტი მათ მიმართ გამოთქმულ შეფასებებს არ დაასაბუთებს, მისი საეკლესიო ხარისხიდან განკვეთას მოითხოვენ. 

თეოლოგების განცხადებით, მიტროპოლიტი მათ დისკრედიტაციას შეეცადა, როდესაც წარმართები უწოდა. 

შესაბამის ხელმოწერილ განცხადებას, თეოლოგები და ეკლესიის ისტორიის მკვლევარები​ ავრცელებენ.

"ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლის" გამოქვეყნების შემდეგ, სადაც, ჩვენ, ეკლესიაში არსებულ კატასტროფულ პრობლემებზე დავწერეთ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კორესპონდენტს აღნიშნული ეპისტოლის ავტორებთან დაკავშირებით მრისხანედ განუცხადა, რომ "ისინი წარმართები არიან, სასულიერო განათლების მიღების უფლება მიეცათ პატრიარქისგან და ეს ბოროტად გამოიყენეს, ისვრიან ქვებსა და ტალახს..."

როგორც ვხედავთ, მეუფე იოანემ არ იკმარა რუსოფილია და ანტისემიტიზმი და კვლავ შეგვახსენა თავი მისთვის დამახასიათებელი აგრესიითა თუ ანტიქრისტიანული რიტორიკით.

ჩვენ, შეშფოთებულნი ვართ, ხსენებული მღვდელმთავრის ოდიოზური, უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური განცხადებით, რითაც მან ურცხვად შეურაცხყო ჩვენი ნათლობის საიდუმლო, ჩვენს მიერ არაერთგზის, ერთგულებით დამოწმებული ქრისტიანულ რწმენა, პროფესიული სინდისი და საღვთისმეტყველო განათლება. ამასთან, ჩვენი სახით მან დააკნინა და შეურაცხყო სასულიერო სემინარიისა და აკადემიის კურსდამთავრებულ თეოლოგთა მრავალი თაობა.

მივმართავთ სინოდს: მოვითხოვთ საეკლესიო სასამართლოს - ბრალმდებელი მღვდელმთავრის თავხედურ და დამამცირებელ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მან მკრეხელურად შებღალა ჩვენი ღირსება, ნათლობის საიდუმლო და ველური ბრალდებით შეეცადა ჩვენს დისკრედიტაციას!
იმ შემთხვევაში, თუკი ის ჩვენდამი ნათქვამ ბრალდებებს ვერ დაადასტურებს, საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული იურიდიული ნორმების შესაბამისად, მოვითხოვთ შესაბამის და საკადრის სანქციას აღნიშნულ საქციელთან დაკავშირებით, კერძოდ კი სასჯელის უმკაცრეს ზომას - მის განკვეთას სასულიერო ხარისხიდან!

თეოლოგები:
ზვიად ცაბაძე
გიორგი ტიგინაშვილი
ვლადი ნარსია
გოჩა ბარნოვი
გურამ ლურსმანაშვილი
დავით თინიკაშვილი
ვანო შოშიაშვილი
მიხეილ ნებიერიძე
დავით ნებიერიძე
გიორგი გეგუჩაძე
რატი ბიგანიშვილი
გურამ პაპავა
გოგა ესიავა
ეკლესიის ისტორიის მკვლევარები:
ბექა ჭიჭინაძე
შოთა მათითაშვილი,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

 

  

დღის ამბები