29 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
სტიქიასთან ბრძოლის მეოთხე დღე - 200-ზე მეტი ლიკვიდირებული კერა და ახალი ხანძარი რეგიონებში

ბოლო 72 საათში ხანძარი საქართველოს 11 რეგიონიდან 7-ში გაჩნდა. აფხაზეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, სამეგრელო, იმერეთი, გურია, აჭარა, შიდა ქართლი - ქვეყნის ტერიტორიაზე ერთდროულად ცეცხლის კერების უპრეცედენტო რაოდენობას ებრძვიან. პროცესებში 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია ჩართული.

ხანძარმა სერიოზული პრობლემები შექმნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. კადრებში, რომლებიც "კურიერმა" აფხაზეთიდან მოიპოვა, რეგიონში არსებულ რეალურ სურათს კარგად ასახავს. ადგილობრივების მიერ ტელეფონებით გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ იწვის დასახლებული ტერიტორიები. ხანძარი გავრცელდა საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ და ცეცხლი მრავალწლოვან ხეებს უკიდია. ოკუპირებულ რეგიონში ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად გაგრის რაიონი დაზარალდა.

უკვე მეორე დღეა ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაციაც. ვერტმფრენი ქვეყნის იმ ნაწილში მუშაობს, სადაც მიუვალი ადგილებია. ამ შემთხვევაში ხანძარს ვერტმფრენებით აქრობენ რაჭაში. ონის რაიონის სოფელ ონჭევისა და წოლას მიმდებარე ტერიტორიას ცეცხლი მეოთხე დღეა უკიდია. რეგიონის მასშტაბით ხანძრის 5 ღია კერაა დარჩენილი.

სამაშველო და სატყეო სამსახურების თანამშრომლებთან ერთად ქრობის პროცესში ადგილობრივებიც აქტიურად არიან ჩართულები. სამდღიანი უწყვეტი მუშაობის შედეგად ხანძრის სრული ლიკვიდირება გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მოხერხდა. გახშირებული ხანძრების სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება. ხელისუფლება მოსახლეობას სასოფლო სამუშაოების დროს საკუთარი სავარგულების გადაწვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები