29 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
რატომ არ გავრცელდა საშობაო ეპისტოლე - საპატრიარქოს წარმომადგენლები კორექტურის პრობლემაზე საუბრობენ

მრევლი კვლავ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს მოლოდინშია. ამ დროისთვის, მხოლოდ ვერსიები ვრცელდება, თუ რატომ დაიგვიანა პატრიარქის საშობაო მიმართვამ.

არქიმანდრიტმა გიორგი გურჩიანმა საშობაო ეპისტოლეს დაგვიანება ტექნიკური პრობლემით ახსნა. მისი ინფორმაციით, ეპისტოლეში ბეჭდური შეცდომა იყო დაშვებული. 

"ეს არ არის ტრაგედია, გამოქვეყნდება. მე რამდენადაც ვიცი, იქ ბეჭდური ხარვეზი იყო, შეცდომით ხომ არ გამოაქვეყნებდნენ. დაბეჭდავენ და გამოაქვეყნებენ. მთავარია, იქ რასაც დაწერენ, ის კარგად წავიკითხოთ, გავიგოთ და შევასრულოთ.

რაღაც შესწორება შეიტანეს, ბეჭდური ხარვეზი იყო და ვერ მოესწრო, რამდენადაც მე ვიცი. მნიშვნელოვანი იყო თუ არა, ეს არ ვიცი, მაგრამ არ არის ეს ტრაგედია, დღეს თუ ხვალ გამოქვეყნდება. არაფერი არ მუშაობს და როგორც ჩანს, ამან გამოიწვია რაღაც დაბრკოლება,"- განაცხადა არქიმანდრიტმა გიორგი გურჩიანმა. 

საპატრიარქოს წარმომადგენლის განცხადებით, ეპისტოლე, ამ კვირაში აუცილებლად გავრცელდება. მისი ინფორმაციით, ეპისტოლე გასავრცელებლად მზად არ იყო და ამიტომაც არ წაიკითხეს ის ლიტურგიაზე.

"ბეჭდვის, კორექტურის პრობლემა იყო, როგორც ჩანს. დაიბეჭდება დღეს ან ხვალ და რადგან არ იყო დაბეჭდილი და გასავრცელებლად არ იყო მზად, ამიტომ არ მოხდა მისი წაკითხვა. დაიბეჭდება, მოესწრება ალბათ ამ კვირაშივე და გავრცელდება ყველა ტაძარში, იქნება ონლაინ ვერსიაც, რა პრობლემაა. როცა დაიბეჭდება, მაშინ გავრცელდება და რა ტრაგედიას ხედავთ,"-განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ პირველად ქართული ეკლესიის უახლეს ისტორიაში საშობაო ეპისტოლე ლიტურგიაზე არ წაუკითხავთ. მოგვიანებით ითქვა, რომ საშობაო ეპისტოლე დღეს, საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდებოდა, თუმცა, ის ჯერაც არ გამოქვეყნებულა.  

დღის ამბები