29 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
უკვე მეორე დღეა ქვეყნის მასშტაბით ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება - სტიქია ოკუპირებული გალის რაიონში ევაკუაციის მიზეზი გახდა

უკვე მეორე დღეა ქვეყნის მასშტაბით ხანძართან ბრძოლა გრძელდება. ყველაზე რთული მდგომარეობაა სამეგრელოში, სადაც 96 წერტილიდან 9 ღია და 3 ლოკალიზებული კერაა. განსაკუთრებით დიდ ტერიტორიაზე გავრცელდა ცეცხლი წალენჯიხაში. ძლიერი ქარის მიზეზით, ყველა წერტილის ლიკვიდაცია რაიონში ამ დრომდე ვერ მოხერხდა. გაჩენილი ცეცხლის კერებს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მეხანძრე-მაშველები ცდილობენ.

მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან სამეგრელოს კიდევ ერთ რაიონში, სადაც დამატებითი ძალების მობილიზება გუშინ დაიწყეს. მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს ტყეში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

სტიქიას ებრძვიან იმერეთშიც. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძრის 4 ახალი კერა გაჩნდა. ბალახის საფარს და ბუჩქებს ცეცხლი უკიდია სოფელ ჩუნეში, მაღლაკში და ზარათში. ცეცხლის ქრობას ხელს უშლის ინტენსიური ქარი, თუმცა დასახლებულ პუნქტებში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

50-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძოდა ხანძარს ქუთაისში. სულხან-საბას ქუჩაზე მდებარე ხის საამქროში გაჩენილმა ცეცხლმა სამუშაო მასალებთან ერთად დანადგარებიც დაწვა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულია. შპს "ლიკოში" გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.

ხანძრის ორ კერას ებრძვიან აჭარაშიც. ქედის რაიონში სოფელ ბზუბზუსთან მდებარე ტყეში ეკალბარდი დაიწვა. ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაჩნდა, რამაც მოსახლეობას საფრთხე არ შეუქმნა. დღის განმავლობაში დამატებით ხანძრის ორი კერა გაჩნდა.

ცეცხლი გაჩნდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშიც. მეხანძრე-მაშველებმა სტიქიის 3 კერიდან მხოლოდ ერთის ლიკვიდაცია შეძლეს. სიტუაციას ამ შემთხვევაშიც ძლიერი ქარი ართულებს, რის გამოც ახალი კერები სოფელ წოლის მიმდებარედაც გაჩნდა. პირველადი შეფასებით, ხანძრის გავრცელების არეალი 4 ჰექტარზე მეტია. ხანძრის 7 კერა დაფიქსირდა გურიაში. ამ შემთხვევაში სტიქიის ყველა ზონა ლიკვიდირებულია.

სტიქია გახდა ევაკუაციის მიზეზი ოკუპირებული გალის რაიონში. ტყის მასივში გაჩენილი ხანძრების შემდეგ ცეცხლი დასახლებულ პუნქტებზე, საცხოვრებელ სახლებსა და შენობებზე გავრცელდა. სოფელ ზემო ბარღებში, სიდასა და რეფში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ძლიერი ქარის გამო ვერ მოხერხდა. სუსის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმს უკვე გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების მზადყოფნა დახმარების გაწევის შესახებ.

ხანძარი ბოლო ორ დღეში ქვეყნის მასშტაბით 136 წერტილში გაჩნდა. 17 შემთხვევაში ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. პროცესში 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 70-ზე მეტი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკაა ჩართული. შედეგად არავინ დაშავებულა და არცერთ ადგილას მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები