29 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
რა შემთხვევაში შეუმსუბუქდება სტუდენტს სასჯელი - სარჯველაძის თქმით, ამ შემთხვევაში მძიმე დანაშაულები გათვალისწინებული არ არის

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობდა, პარლამენტის წევრი დავით ზილფიმიანი დაინტერესდა, რა შემთხვევაში შეიძლება შეუმსუბუქდეს სტუდენტს სასჯელი, რაზეც მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში მძიმე დანაშაულები გათვალისწინებული არ არის.

"აქ გათვალისწინებული არ არის თუნდაც, მკვლელობა, რთული კატეგორიის დანაშაულებები, ისეთი, რომლისთვისაც გაუმართლებელი იქნებოდა შინაპატიმრობით თავისუფლების აღკვეთის შეცვლა.

რაც შეეხება სხვა მექანიზმებს, ცვლილებები ვერ შეეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც სტუდენტი გახდება მომავალში, ეს არის კანონის მიღების მომენტისთვის ვისაც აქვს ასეთი სტატუსი მოპოვებული.

სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით შეეცვალოს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ამ კანონის ამოქმედების მომენტში მსჯავრდებულ ქალს, რომელიც, ამ კანონის თანახმად, არ თავისუფლდება სრულად სისხლის სამართლის პასუხისგებლობისა და სასჯელისგან და ამავე კანონის ამოქმედების მომენტისთვის ჰყავს არასრუწლოვანი შვილი, და თუკი იგი მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე - დანაშაულის საკუთრების წინააღმდეგ, 26-ე - დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ, 27-ე - დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში, 28-ე - დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში, 33-ე ნარკოტიკული დანაშაული გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებას" - განაცხადა სარჯველაძემ.

გარდა ამისა, მიხელ სარჯველაძემ ამნისტიის კანონპროექტის განხილვისას. ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა.

სარჯველაძემ მთავარ პრინციპებზე გააკეთა კომენტარი.

"იქ, სადაც გავაფართოეთ არეალი ამნისტიის გავრცელებისთვის, ავტომატურად და მექანიკურად ნაწილებს ეს არ შეხებია, მუხლების შედარებით მძიმე ნაწილებთან მიმართებაში ვგულისხმობ, მაგალითად, ქურდობასთან მიმართებაში, ჩვენ შევეცადეთ, რომ თუკი თავდაპირველად მხოლოდ პირველ ნაწილთან მიმართებაში იყო ამნისტია ქმედითი, მეორე ნაწილს შეხებოდა, თუმცა არა ყველა მის დამამძიმებელ გარემოებას. 

იქ, სადაც მსხვერპლის ასე ვთქვათ სენსიტიური სტატუსი შეიძლება გვქონდეს სახეზე, ამ შემთხვევაშიც ბუნებრივია ეს ვერ გავრცელდებოდა მექანიკურად და მაგალითად ზოგიერთი მუხლის შემთხვევაში, 120-ე მუხლთან დაკავშირებით, იქ კონკრეტული დათქმა იქნება, რომელიც მაგალითად ორსულ ქალთან მიმართებაში ჩადენილ დანაშაულს ბუნებრივია ამნისტირებას ვერ დაუქვემდებარებს," - განაცხადა სარჯველაძემ.

პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დღის ამბები