29 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
"მათ აქვთ უფლება დააფუძნონ პოლიტიკური პარტია" - ირმა ინაშვილის თქმით, "პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტში შესვლას არ აპირებს

"პატრიოტთა ალიანსის"  პარტიულ სიაში მყოფი 4 პირის გადაწყვეტილებას, რომლებიც პოლიტიკური ძალის მხრიდან ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტში მაინც შევიდნენ, პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, პარტიის გადაწყვეტილება კვლავ უცვლელია და "პატრიოტთა ალიანსი" გაყალბებულ პარლამენტში შესვლას არ აპირებს. 

ირმა ინაშვილის განმარტებით, ის ადამიანები, რომლებმაც დღეს სადეპუტატო მანდატი მიიღეს არასდროს არ ყოფილან "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური გუნდის წევრები და იყვნენ მხოლოდ პარტიის შემომწირველები და დამფინანსებლები. ირმა ინაშვილის თქმით, მათ პარტიაში აქვთ შიდა დემოკრატია, შესაბამისად, არ ჩახსნეს საპარლამენტო სიები, რის გამოც რამდენიმე პირმა გამოაცხადა სურვილი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

ირმა ინაშვილი ყოფილ პარტნიორებზე ამბობს, რომ მათ ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობის უფლება აქვთ, თუმცა ეს ყველაფერი "ქართულ ოცნებას" და პარლამენტს ლეგიტიმაციის პრობლემას ვერ მოუგვარებს.

"პოლიტიკური პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ არ შევა გაყალბებული გზით ფორმირებულ პარლამენტში. არ ვიცი ყველა ეს ბიზნესმენი ერთად ქმნის ერთ პარტიას თუ არა. მარტო ბატონი ფრიდონის განცხადებას გავეცანი, რომელიც ამ ახალ  პარტიაზე საუბრობს. ამ ბიზნესმენებსაც, შესაბამისად, უფლება აქვთ დააფუძნონ ან პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია. მე არ ვარ ირაკლი კობახიძე-ძერჟინსკი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მიეცეს საშუალება პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონმდებლობასაც შეცვლის და აგიკრძალავთ პოლიტიკური პარტიის შექმნას," - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები