29 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
"ვირუსმა შეცვალა თავდასხმითი პოტენციალი, ჩვენ კი თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ" - სპეციალისტები მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავენ

რამდენად მომზადებული ხვდება ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის ახალ ფორმას - სპეციალისტები მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავენ და ითხოვენ, გადამზადდეს პერსონალი იმისთვის, რომ ქვეყანაში მუტირებული ფორმის მასშტაბები არ გაიზარდოს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსის ახალი ფორმა მარტივად ვრცელდება 19 წლამდე მოზარდებში და ბავშვებში, გადადების მაჩვენებელი 60-70-%ია.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ვირუსის ახალ ფორმას ქვეყანა უფრო მეტად მომზადებული უნდა შეხვდეს და თავდაცვითი სამუშაოები გააძლიეროს. მათ შორის, ექიმი მეტი საწოლფონდის მობილიზებაზე, ასევე სასუნთქი აპარატების შეძენაზე და სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას.

"ვირუსმა შეცვალა თავდასხმითი პოტენციალი, ჩვენ კი თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ. შესაბამისად, ეს გულისხმობს მეტი საწოლფონდის მობილიზებას, მეტი სასუნთქი აპარატის შეძენას, მეტი ექიმის გადამზადებას, მეტი სადიაგნოსტიკო საშუალებების მომარაგებას.

ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, ეს ვარიანტი დომინანტური ვერ გახდება ზაფხულამდე. ამიტომ, რაღაც ისეთი საგანგაშო უახლოეს თვეებში ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ამ ძველ შტამს უნდა გავუმკლავდეთ ჯერ, ამიტომ, ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, რომ ორიენტირება გააკეთონ მიმდინარე საკითხებზე,“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ექიმი-რეზიდენტი, გიორგი ღოღობერიძე ვარაუდობს, რომ გაზაფხულისთვის კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები მოიმატებს. 

"ეს ერთი შემთხვევა, სავარაუდოდ, იქცევა 60% გაზაფხულისთვის. ეს დაავადება 40%-ში არის უსიმპტომო, ამიტომ შეიძლება იმ ადამიანმა, ვისთანაც ამ პაციენტს ჰქონდა კონტაქტი, უკვე მიიღო ეს ვირუსი, მაგრამ დაავადების ნიშნები მას არ ჰქონდეს, მარგამ გაავრცელოს სხვაზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დროულად, ყველა ის პირი იყოს იზოლაციაში და ეს იზოლაცია იყოს კონტროლით,“ - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ. 

დღის ამბები