29 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
რას შეცვლის მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი საპარლამენტო ცხოვრებაში - ოპოზიცია კვლავ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კვლავ ერთიან პოზიციაზე არიან. მათი თქმით, არ აპირებენ პარლამენტში შესვლას, ვიდრე მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. კონკრეტულად, საუბარია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე. 

პოლიტიკური პარტიის ”გირჩი - მეტი თავისუფლება” თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია იმ შემთხვევაში შევა პარლამენტში, თუკი დაინახავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას თმობს. 

"პოლიტიკური კრიზისი არ არის იმის გამო, რომ პარლამენტში დეპუტატები არ არიან. პოლიტიკური კრიზისი რომ არის, იმის გამო არ არიან დეპუტატები პარლამენტში. კრიზის არის სინამდვილეში ადამიანების ტვინებში და გულებში, იმ ადამიანების, რომლებმაც ორი ვადა მისცეს ქართულ ოცნებას და ორი ვადის მერე იმედი ჰქონდათ, რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვლებოდა და ეს ცვლილებები დაიწყებოდა ხელისუფლების ცვლილებით. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პატრიოტთა ალიანსის მე-17 და 37-ე ნომრები შევლენ თუ არა პარლამენტში. ეს არ ცვლის არაფერს. ოპოზიცია შევა პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ ჩემი აზრით, დაინახავს, რომ ივანიშვილი ძალაუფლებას თმობს. ივანიშვილს ძალაუფლება უნდა დაეთმო არჩევნებით, არ დათმო არჩევნებით და ახლა უნდა დათმოს მოლაპარაკების გზით,“ - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, საბა ბუაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის წინადებებს და შეთავაზებებს მხოლოდ ისმენს, საპასუხოდ კი მათგან აგრესიული რიტორიკა ისმის. 

"ოპოზიციამ ყველანაირი სივრცე შექმნა დათმობისთვის. ჩვენ გავაფართოვეთ კომპრომისის არეალი. აქ იყო ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტული ინიციატივები. მაგალითად, ისეთი, როგორიც არის პლებისციტის ჩატარება. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება მხოლოდ და მხოლოდ ისმენს ჩვენს მოსაზრებებს და შეთავაზებებს, მაგრამ საპასუხოდ გვესმის აგრესიული რიტორიკა,“ - განაცხადა საბა ბუაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო ციკლის დროს დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება საკვანძო საკითხია.

"ჩვენს პრინციპზე ვრჩებით, რომ ის პოლიტპატიმრები, რომლებიც ამ საარჩევნო ციკლის დროს დაიჭირეს, ამ ადამიანების გამოშვება არის უაღრესად მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხი. ამის მერე უკვე პოლიტიკური პროცესია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ნულიდან უნდა დაიწყოს საარჩევნო კანონმდებლობის შექმნა, დაწერა, პროცედურების გაწერა, ადმინისტრაციის დანიშვნა და ამის შემდეგ უნდა გონივრულ ვადაზე უნდა შევთანხმდეთ, როდის ინიშნება ვადამდელი არჩევნები. სხვანაირად პარლამენტში შესვლის აზრს ვერ ვხედავთ,“ - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

დღის ამბები