29 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
ახალი შტამით უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან - ზაზა წერეთელი

კორონავირუსის ახალი შტამის მახასიათებლების შესახებ უცხოეთში მოღვაწე ქართველი სპეციალისტები საუბრობენ. ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველის, ზაზა წერეთლის თქმით, ბოლო კვლევებით გამოიკვეთა, რომ ვირუსის ახალი ფორმით უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან. 

"ახლა აღმოჩნდა, რომ ამ შტამით უფრო მეტად ინფიცირდებიან 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ რადგანაც ბავშვები უფრო ადვილად ინფიცირდებიან, შესაბამისად, ბავშვებს უფრო მეტი კონტაქტი აქვთ ოჯახში და ამიტომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ოჯახებში დაინფიცირების გაზრდა. ამ ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს იმის გამო, რომ ეს გაზრდის დაინფიცირებულთა რაოდენობას და დაინფიცირებულთა რაოდენობა, არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მძიმე შემთხვევები, მაგრამ დაინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა გამოიწვევს იმას, რომ დაწოლა გაიზრდება ჯანდაცვის სისტემაზე,“ - ამბობს ზაზა წერეთელი. 

პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სამედიცინო დაწესებულებებში საკარანტინო რეჟიმის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, კლინიკების კიდევ უფრო მეტად გადატვირთა თავიდან უნდა იქნეს აცილებული. 

"ჩვენ უნდა გავამკაცროთ საკარანტინო რეჟიმი ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც არის საქართველოში, რომ დავიცვათ ჩვენი მედპერსონალი და დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც მიდიან ამ სამედიცინო დაწესებულებაში. მე აქ არ მაქვს საუბარი მარტო კოვიდცენტრებზე, მე მაქვს საუბარი ყველა სამედიცინო დაწესებულებაზე,  ქვეყნის მასშტაბით. ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, ბოლო ნაბიჯი, რაც უნდა გაკეთდეს, ნებისმიერი ტრანზიტულ ტრანსპორტს, რომელიც შემოდის საქართველოში, უნდა ჰქონდეს წითელი კორიდორი. მაგალითად, რუსეთიდან შემოსული და შემდეგ სომხეთში წასული ტრაილერის მძღოლი არ უნდა გადმოვიდეს მანქანიდან. მარტო შეიძლება გადმოვიდეს სპეციალურ ზონებში, რომელიც გაკეთდება ყოველ 50 კილომეტრში,“ - ამბობს გიორგი ფხაკაძე. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი ფორმა საქართველოშიც დადასტურდა. მუტირებული ინფექცია საეჭვო პაციენტებიდან ერთ-ერთს გამოუვლინდა. 

დღის ამბები