29 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
ხელისუფლება არღვევს პროცედურას, როდესაც იხილავს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას - გოჩა თევდორაძე

"პატრიოტთა ალიანსი" არის პირველი პოლიტიკური პარტია, რომლის წევრთა მანდატებზე პარლამენტმა მსჯელობა დაიწყო და რიგგარეშე სესიაზე ამ პარტიის სამი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭიც უყარეს.

საკითხს, როგორც სხვა ოპოზიციურ წრეებში, ასევე თავად "პატრიოტთა ალიანსში" არაკანონიერ პროცედურად აფასებენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პარტიის დამფინანსებელთა ნაწილი, რომლებიც ბიზნესმენები არიან, პარლამენტში შესვლის სურვილს გამოთქვამენ და შესაბამისი მოთხოვნით ცესკოს უკვე მიმართეს. თავად "პატრიოტთა ალიანსის" წევრები კი აცხადებენ, რომ ეს ადამიანები მათ პოლიტიკურ გუნდს არ განეკუთვნებიან და შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებაც დამოუკიდებელია. 

"ეს გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და მის შეცვლასა და ამაზე დაფიქრებას აღარ ვაპირებ. მე პარლამენტში არ შევალ. საერთოდაც, "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური გუნდიდან, საკანონმდებლო ორგანოში არავინ არ შედის. პოლიტიკური გუნდი ამის შესახებ ერთ აზრზეა. იქ არის რამდენიმე ბიზნესმენი, რომელიც ჩვენს პარტიას ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა, მათ კი გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ," - აცხადებს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი ნანა დევდარიანი.

იმავე აზრზეა პარტიის აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძეც. ის, რომ ხელისუფლებამ მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილა, მისთვის კანონისა და პროცედურების უხეში დარღვევაა. 

"დიდი ხანია ჩვენი პარტიის პოზიცია გაცხადებულია - ჩვენ არ ვაპირებთ ამ გაყალბებული არჩევნებით მოწვეულ პარლამენტში მუშაობას. დღეს კი, ხელისუფლება არღვევს ყოველგვარ კანონსა და პროცედურას, როდესაც იხილავს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. სიის 132-ვე წევრმა გამოხატა პოზიცია, რომ არ სურდათ მათ პარლამენტში შესვლა. დღეს ვისზეც არის საუბარი, რომ შედიან პარლამენტში, ეს ადამიანები ჩვენი პარტიის წევრები არც ყოფილან და ისინი დამოუკიდებელი და ფაქტობრივად, უპარტიო კანდიდატები იყვნენ. ამიტომ, თავიანთ გადაწყვეტილებაშიც დამოუკიდებლები იქნებიან," - აღნიშნავს ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე.

დღის ამბები