29 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
ამნისტიის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით, სავარაუდოდ, ხვალ დაამტკიცებენ 

ამნისტიის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით პარლამენტი სავარაუდოდ ხვალ დაამტკიცებს. საკითხს დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ. მიმდინარეობს ჩასწორებები და მათ შორის მსჯელობა იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც აქვთ მესამე სექტორის წარმომადგენლებს და სპეციალისტებს.

სესიაზე კანონპროექტის გატანა დღეს იგეგმებოდა, თუმცა გადაიდო. მიზეზი ტექნიკური საკითხები გახდა და ერთი დღით გადაიდო საკითხის სესიაზე გატანა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პროექტი, რომელიც საბოლოოდ იქნება მიღებული, იქნება მაქსიმალურად დაბალანსებული, რათა არ შექმნას კანონმა დამატებითი რისკები საზოგადოებისთვის, ასევე მეორეს მხრივ,  მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული პატიმრების უფლებები. 

"უახლოეს დღეებში მივიღებთ და დავამტკიცებთ ამ კანონპროექტსაც და მივიღებთ გადაწყვეტილებას ამნისტიასთან დაკავშირებით იმ იდეალურ წერტილში, სადაც საზოგადოების უსაფრთხოება და მეორეს მხრივ, ასევე ჰუმანურობის და ადამიანის უფლებათა დაცვის, პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპები იქნება იდეალურად დაცული,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  

ამნისტიის პროექტისა და მისი გაფართოების შესახებ კონკრეტული საკითხების კუთხით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი საუბრობს. 

"თუკი საუბარია საკუთრების მიმართ მუხლების გაფართოებაზე, აქაც რა თქმა უნდა, დაზარალებულის თანხმობა, ზიანის ანაზღაურება და მთელ რიგ შემთხვევებში სასამართლოების არ ქონა არის აუცილებელი წინაპირობა, რაც შეეხება სტუდენტებთან დაკავშირებით და ქალებთან მიმართებაში, ვისაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, აქაც რა თქმა უნდა, ეს პრინციპები შენარჩუნდება მთელ რიგ მუხლებთან მიმართებაში. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და ა.შ. გასაღების, რეალიზაციის გარეშე, ამ მუხლებს და ამ ნაწილებს შეეხებათ ამნისტია,“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი. 

ამნისტიის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფასებენ.

გარდა იმისა, რომ ნარკოდანაშაულთან მიმართებაში გარკვეულ მუხლებს შეეხება სასჯელის შემცირება და რიგ შემთხვევებში მოხდება პატიმრების გათავისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დამატებითი ჩანაწერების გაკეთებას ითხოვდნენ.

"კანონპროექტი თავიდან ითვალისწინებდა ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული ადამიანებისთვის დამატებითი უფლებების შეზღუდვის გაუქმებას. მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისზეც ვრცელდებოდა ამნისტია სასჯელის ნაწილში. თუმცა აქაც გაფართოვდება კანონპროექტი. ამის პირობა დღეს გაიცა და უფლებები აღუდგებათ იმ ადამიანებსაც, ვისაც უკვე მოხდილი აქვთ სასჯელი და უბრალოდ მათ შეეძლებათ მიმართონ პრობაციის სამსახურს, რომელიც იმსჯელებს, რომელი უფლება უნდა აღუდგეს მსჯავრდებულს და რომელი უნდა შეუნარჩუნდეს,“ - ამბობს გურამ იმნაძე.

 

 

 

 

 

დღის ამბები