29 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
ეს ჩვენი სამაგალითო დასჯის ილუსტრირებაა - ირმა ინაშვილი "პატრიოტთა ალიანსის" 3 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ავთანდილ ენუქიძის შემდეგ, პარლამენტში პარტიის სხვა წევრები მოხვდნენ. თუმცა, მისივე განცხადებით, ამ შემთხვევაში, მათ პარტიის დატოვება მოუწევთ.

ფაქტს, რომ პარლამენტი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მსჯელობას "პატრიოტთა ალიანსის" წევრებიდან იწყებს, ირმა ინაშვილი რეპრესიებს უწოდებს. 

""პატრიოტთა ალიანსი", როგორც პოლიტიკური პარტია, არ იქნება წარმოდგენილი გაყალბებული გზით ფორმირებულ პარლამენტში.

გასული საუკუნის 20-იან წლებში, ზუსტად ასე მართავდნენ ბოლშევიკები სახელმწიფოს, როდესაც გამოარჩევდნენ მათთვის არასასურველ ადამიანებს და სამაგალითო დასჯის მიზნით, მხოლოდ კონკრეტულ რამდენიმე ადამიანზე ახორციელებდნენ ტერორისტულ ან რეპრესიულ ქმედებას. ამ შემთხვევაში, ჩვენი სამაგალითო დასჯის ილუსტრირებაა, რაც მოხდა დღეს საპროცედურო კომიტეტში,"-აცხადებს ინაშვილი.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ "პატრიოტთა ალიანსს" საარჩევნო სია არ ჩაუხსნია, სწორედ ამიტომ, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხის განხილვა "პატრიოტთა ალიანსის" სიით გასული დეპუტატებით იწყება.

"პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებით, სხვებისგან განსხვავებული შემთხვევა გვაქვს იმით, რომ, თუ, პირობითად, პარლამენტი შეუწყვეტს ამ სამ დეპუტატს უფლებამოსილებას, "პატრიოტთა ალიანსის" სია ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან არ არის ბოლომდე ჩახსნილი. როგორც მოგეხსენებათ, ამიტომ, მათ ადგილმონაცვლე სხვა პირებს შეუძლიათ შემოვიდნენ პარლამენტში. ამიტომ, თავისთავად, თვითონ პარტია, თავის წარმომადგენლობას, ამ შემთხვევაში, არ კარგავს,"-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" 3 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს ხვალ პარლამენტი განიხილავს. თუმცა, პარტიის სიები ცესკოში ჩახსნილი არ არის, ამიტომ, შესაძლოა, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები პარლამენტში მოხვდნენ. ესენი არიან: გელა მიქაძე, ნანა დევდარიანი და ფრიდონ ინჯია.

დღის ამბები