29 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
ექსპერტების შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიების აღიარების ფონზე, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციაზე საუბარი უშედეგო იქნება

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს დსთ-ს ქვეყნებთან, ასევე საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა დაავალა, შეფასებები მოჰყვა ექსპერტულ წრეებში. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს უფრო მეტად გარე ეფექტზეა მიმართული, ვიდრე რეალური შედეგის მისაღწევად.

"უცნაურია, როდესაც არსებობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მასთან არსებული უწყება, რა საჭირო იყო ახალი სამსახურის შექმნა. ან რუსეთი აპირებს, რომ აჩვენოს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს, რომ აი, რანგს მაღლა ვწევ იმდენად მნიშვნელოვანია და მზად ვარ გარკვეულ კომპრომისებზე, მაგრამ არ მელაპარაკოთ დონბასის, ლუგანსკის ოლქებზე, არ მელაპარაკოთ  აფხაზეთზე; ან კიდევ - პატარა თეატრალიზებული თემაც იქნება ჩადებული, რომ აფხაზეთთან და ე.წ სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური მოლაპარაკებები გაიმართება პრეზიდენტის წარმომადგენლის მონაწილეობით. სპექტაკლის, მსოფლიოსთვის რაღაცის ჩვენების და ასეთი ეშმაკობაა ჩადებული," - აცხადებს პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე.

ანალიტიკოსი ირაკლი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე როდესაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებს, საზღვრის დელიმიტაციაზე საუბარი აბსოლუტურად უშედეგო იქნება:

"საუბარი იმაზე, რომ განსაკუთრებულად საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არის გაკეთებული აქცენტი, ვფიქრობ არასწორია. ვფიქრობ ეს თანამდებობა უბრალოდ იყო ვაკანტური და ამ ეტაპზე შეავსეს. რუსეთის მხრიდან საქართველოსთან  საზღვრის დელიმიტაციაზე საუბარი ვფიქრობ ამ ეტაპზე იქნება აბსოლუტურად უშედეგო," - განაცხადა ირაკლი ცქიტიშვილმა.

დღის ამბები