29 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
ირაკლი ქადაგიშვილი არ გამორიცხავს "პატრიოტთა ალიანსიდან" პარლამენტში კიდევ 3 წევრი შევიდეს 

"პატრიოტთა ალიანსის" წევრების ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი ორშაბათს განიხილავს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს სესიაზე გავა. როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, "პატრიოტთა ალიანსს" საარჩევნო სია არ ჩაუხსნია, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები კი, შესაძლოა პარლამენტში შევიდნენ.

სწორედ ამის გამო, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხის განხილვა "პატრიოტთა ალიანსის" სიით გასული დეპუტატებით იწყება. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტი სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმით, 54-მა ოპოზიციონერმა გამოხატა.

"იმის გამო რომ "პატრიოტთა ალიანსის" სიები არ არის ჩახსნილი ამ შემთხვევაში ადგილმონაცვლეობის პრინციპი განხორციელდება, ანუ ის დეპუტატები ვინც გავლენ, მათი ადგილ მონაცვლეობის პრინციპი განხორციელდება. მათი შემოსვლის ალბათობაც არის მაღალი. შემდგომში განვიხილავთ ყველა განცხადებას,"- განუცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის, საკანონმდებლო ორგანოს კი კანონდარღვევაში ადანაშაულებს, რადგან, მისივე თქმით, შერჩევითი განცხადებების დაკმაყოფილება არასწორია.

"არ ვაპირებ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას. ძალიან ცუდს აკეთებს ოცნება, თუ შერჩევით გააკეთებს ამას. საკანონმდებლო ორგანო არღვევს კანონს. ასეთი შერჩევითი განცხადების დაკმაყოფილება პირველად გვესმის. ოცნებასთან არის კითხვები, რატომ არღვევს რეგლამენტს,"- განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

დღის ამბები