თითქმის 85 მილიონი ინფიცირებული და მილიონ 800 ათასზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მონაცემი. ინფექციის შემთხვევების ზრდასთან ერთად, სახელმწიფოები რეგულაციების გამკაცრებას განაგრძობენ.
11 იანვრამდე ამკაცრებს საბერძნეთი კარანტინის პირობებს. ამ პერიოდში, მოქალაქეებს 21-დან დილის 5 საათამდე ქუჩაში გასვლა აეკრძალებათ. 3 იანვრიდან ისევ დაიკეტება სილამაზის სალონები და მანქანების ტექნიკური მომსახურების ცენტრები. აკრძალული იქნება თევზაობა და ნადირობაც. მრევლისთვის დაკეტილი იქნება ეკლესიებიც.
თურქეთში კორონავირუსის ახალი, ე. წ. "ბრიტანული" ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევები დადასტურდა, რის გამოც მგზავრების გაერთიანებული სამეფოდან თურქეთში შესვლა დროებით შეწყდა.
დიდ ბრიტანეთში კოვიდცენტრები, რომლებიც პანდემიის დაწყებისას აშენდა, ხელმეორედ გახსნეს. ლონდონში კი კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, დაწყებითი სკოლები დაიხურა. სიდნეიში პირბადეების ტარება დახურულ სივრცეშიც სავალდებულო გახდა. COVID-19-ით ინფიცირებულების რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა შეერთებულ შტატებში.
"პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება დახურულ სივრცეშიც. წესების დარღვევის შემთხვევაში, 200 დოლარით დაჯარიმდებით. თუ სავაჭრო ცენტრში მიდიხართ ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობთ, აუცილებელია ატაროთ ნიღაბი. ეს ფაქტიურად ერთადერთი საშუალებაა ვირუსის პრევენციისთვის,"- აცხადებს ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატის პრემიერი გლედის ბერეჯიკლიანი.