2020 წელი მძიმე იყო როგორც მსოფლიოსთვის, ასევე მსოფლიო სპორტისთვისაც. ასეთი დარტყმა ინდუსტრიას, რომლის გლობალური ღირებულება 756 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მიუღია.
მინდორზე მარტო დარჩენილი სპორტსმენები და ცარიელი ტრიბუნები სამუდამოდ დარჩება XXI საუკუნის ისტორიაში.
პანდემიის გამოცხადების დღიდან, ერთმანეთის მიყოლებით გაუქმდა დიდი სპორტული შეჯიბრებები და ჩემპიონატები. იაპონია დროს დიდხანს წელავდა, თუმცა საბოლოოდ მაინც მოუწია 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის გადადება.
ოლიმპიადა, რომელშიც იაპონიამ თითქმის 13 მილიარდი დოლარი ჩადო, 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიმართოს. თუმცა ვირუსმა თავისი წესები მხოლოდ ოლიმპიადაზე არ დააწესა.
FIFA,UEFA, NBA, Formula 1 - ჩვეული განრიგი ყველგან დაირღვა ან საერთოდ გაუქმდა.
თუმცა მაინც დარჩა საუკეთესო გოლები, კალათში ჩაგდებული საუკეთესო ბურთები, განუმეორებელი ლელოები და დასამახსოვრებელი ტატამზე გდებები.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი