30 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
კორონავირუსის შემთხვევებმა მსოფლიოში 700 ათასს გადააჭარბა - ყველაზე მეტი ინფიცირებული აშშ-შია

ამერიკისა და იტალიის შემდეგ დაინფიცირებულთა რაოდენობით მალე ჩინეთს ესპანეთიც გაუსწრებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 821 დაიღუპა და 6 ათასზე მეტი პირი დაინფიცირდა. ესპანეთში, საერთო ჯამში, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6800-ს აჭარბებს.

გარდაცვალების 750-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაში. ინფიცირების შემთხვევები კი 97 ათასს აჭარბებს.

"კოვიდ-19"-ის შემთხვევების რაოდენობით ისევ ლიდერობს შეერთებული შტატები, სადაც ვირუსი 142 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. სოციალური დისტანციის წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები დაუწესდა ქალაქ ნიუ-იორკის მოსახლეობას. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები 30 აპრილამდე გახანგრძლივდა. 

ვირუსის სტატისტიკა ყოველდღიურად იზრდება საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს, ბოლო მონაცემებით, თურქეთში ვირუსს 131, რუსეთში 8, აზერბაიჯანში 4, სომხეთში კი 3 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეიდან მოსკოვში სავალდებულო თვითიზოლაცია გამოცხადდა. 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 700 ათასს გადააჭარბა. დაღუპულია, 34 ათასამდე ადამიანი. 

დღის ამბები