დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირდა 62 წლის ქალის ოჯახის 4 წევრი, რომლებიც შესაბამისად სამკურნალო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი და მკურნალობა უტარდებათ.
62 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმედ რჩება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ აქტიურად მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და მეტიც, აქვთ იმედი, რომ ინფიცირების წყაროსაც გამოავლენენ.
"განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ისევ და ისევ 1 ქალბატონი, რომელიც მარნეულიდან იყო გადმოყვანილი. კიდევ არის რამდენიმე საყურადღებო ავადმყოფი. დანარჩენების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ემზადება კიდევ რამდენიმე პაციენტი გაწერისთვის.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში არც ერთი დამატებული შემთხვევიდან არ არის ახალი კლასტერები. ეს არის მარნეულიდან 4 ადამიანი, ქალბატონის ოჯახის წევრები.
ახალი ქვეყანა ფიქსირდება უკვე, არის თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები. დაემატა შეერთებული შტატებიდან შემოტანილ კლასტერში შემთხვევები, ისევ და ისევ შემოსული და ერთიც ოჯახის წევრზე გადაცემა. ასე რომ, გეოგრაფია საკმაოდ გაფართოვდა შემოტანილი შემთხვევებით," - განმარტა პაატა იმნაძემ.