დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალაქებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყდა. აღარ ივლიან ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები, გაჩერდება რკინიგზაც.
შეზღუდვები მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ვრცელდება, მოქალაქეები მსუბუქი ავტომობილებითა და ტაქსებით გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებენ.
გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსისგან მოქალაქეების დაცვის მიზნით უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე მიიღო.
თბილისი-ზუგდიდის მატარებლის ბოლო რეისი გუშინ საღამოს შესრულდა. მგზავრების ნაწილის თქმით, აკრძალვა მათ გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. ნაწილი კი ამბობს, რომ ახალი რეგულაციები ქვეყანაში ეპიდაფეთქების რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.