30 ნოემბერი 2024,   04:57
ვრცლად
ხანდაზმულ მოქალაქეებს ამანათებს მოხალისეები მიუტანენ - მერიასა და წითელ ჯვარს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენა ის რეკომენდაციები, რომლებსაც სპეციალისტები კორონავირუსის პრევენციის მიზნით ავრცელებენ და ამ მათი შესრულებისკენ მოუწოდა. კახა კალაძე მოქალაქეებს ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავშეკავებისა და გადაუდებელი აუცილებლობის არ არსებობს შემთხვევაში, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

კახა კალაძემ ბრიფინგზე სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფის შესახებ ისაუბრა. "დავეხმაროთ მოხუცებს" - ასევ ჰქვია ჯგუფს, რომელშიც გაწევრიანებული ადამიანები, კახა კალაძის თქმით, მარტოხელა მოხუცებს საკვებით, მედიკამენტებით და სხვა საჭირო ნივთებით მოამარაგებენ.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც მოხდება მოხალისეების დატრენინგება, რომლებიც ხანდაზმულ მოქალაქეებს გარკვეული პერიოდულობით ამანათებს მიუტანენ.

"დღეს ჩემ გვერდით არიან გოგონები, ოთხი მარიამი, რომლებმაც სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ შექმნეს საინიციატივო ჯგუფი - “დავეხმაროთ მოხუცებს". ბოლო დღეების განმავლობაში საოცარი აქტიურობა იყო ამ მიმართულებით და მათ მოახერხეს ის, რომ შეძლეს გარკვეულ რაოდენობა თანხის მოძიება და 600-მდე ოჯახს, მოხუცებულებს დავეხმარეთ გუშინ და გუშინ წინ.  ამ დღეებმა  კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი ჰუმანურია, როგორი სოლიდარულია ჩვენი საზოგადოება.

ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, მაქსიმალური ზრუნვა გამოვიჩინოთ ხანდაზმულ მოქალაქეებზე, რომლებიც ვირუსის გავრცელების კუთხით, მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

სწორედ ამიტომ, თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის ფორმდება მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, მოხალისეები, რომელთაც ერთობლივად დავატრენინგებთ, ხანდაზმულ მოქალაქეებს გარკვეული პერიოდულობით, ამანათებს მიუტანენ. პირველ ეტაპზე, შემუშავდება ამანათების ფორმა, რომელიც საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებსა და მედიკამენტებს მოიცავს. ჩვენი მარტოხელა ხანდაზმული მოქალაქეები მოხალისეების საშუალებით, ამანათებს მიიღებენ, რათა მათ სახლიდან გასვლა არ მოუწიოთ. ასევე, სადაც ამის საშუალება იქნება, მოხალისეები მათ ნაცვლად გავლენ სახლიდან და გარკვეულ საბაზისო საჭიროებებს მოუგვარებენ

რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ამანათები წესების სრული დაცვით იქნება დაფასოებული. ასევე, შემუშავდება მედიკამენტების სტანდარტული პაკეტი და ყველას, იქნება ეს ბიზნესის წარმომადგენლები თუ ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვისაც ჩვენი ხანდაზმული მოქალაქეების დახმარების სურვილი ექნებათ, სწორედ მსგავსი პაკეტებით უნდა დაგვეხმარონ," - განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები