ტურისტებს, რომლებიც გუდაურში ისვენებდნენ, საქართველოში კორონავირუსი არ დადასტურებიათ, ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი, ანა კასრაძე წერს.
"ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა გუდაურში მოგზაურობის ისტორია 4-9 მარტს. იგი მოგზაურობდა 6-კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19. დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია), რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება, სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია.
ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან.
საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ არავისთვის," - წერს კასრაძე.
გუდაურში მდებარე რესტორან "მთვრალი ალუბალის" მენეჯმენტმა რამდენიმე საათის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდნენ, რომ მათი ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.