შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 შეკვრად დაფასოებული "ჰეროინი" და 33 აბი "მეტადონი".
უწყების ინფორმაციით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, რამდენჯერმე განხორციელდა ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების პროცესის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ ასევე ნივთმტკიცებად ამოიღო დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული ნივთიერება "ჰეროინი".
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს.