როგორ ებრძვის საქართველო კორონავირუსს და როგორ უმკლავდება ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს - ამ წუთებში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნების ელჩები ჯანდაცვის სამინისტროსგან პირადად იღებენ ინფორმაციას. შეხვედრა გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის მხარდაჭერით იმართება.
ლაბორატორიის მზადყოფნა და კომუნიკაცია საზოგადოებასთან - ეს ის ძირითადი რეკომენდაციებია, რომელზეც მსოფლიო ჯანდაცვის წარმომადგენელი საუბრობს. სილვიუ დომენტეს განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს არ გასცემს და მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქვეყანას მისი დასაბუთება მოუწევს.
"ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ განვიხილოთ უსაფრთხოების ზომები ლაბორატორიებში და ვისაუბროთ ჯანდაცვის მზაობის შესახებ. რაც შეეხება ფრენების აკრძალვას და სხვა შეზღუდვებს, - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ამ ეტაპზე, არ გასცემს რაიმე რეკომენდაციას ვაჭრობისა და მგზავრობის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ წევრმა ქვეყნებმა თავად შეიძლება გაატარონ დამატებითი ზომები. ქვეყნებს აქვთ ვალდებულება, რომ ამ ზომების შესახებ აცნობონ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და ყველა საკითხი დაასაბუთონ. თუ საქართველო მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, იმედია, ეს იქნება მოკლევადიანი,"- განაცხადა სილვიო დომენტემ.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებთან შეზღუდვები ძალაში რჩება.
"ჩინეთთან და ირანთან დაწესდა მხოლოდ იმ მოტივით, რომ იმ კონკრეტული მომენტისთვის ყველაზე მაღალი რისკი მოდიოდა ჩინეთიდან და ირანიდან. დღეს უკვე რისკები ვრცელდება მთელს ევროპაში, ამდენად ასე იზოლირებულად რომელიმე ქვეყნიდან მოგზაურობის შეზღუდვას მაქსიმალური ეფექტი ვერ ექნება. ეს შეზღუდვა ამ ქვეყნებიდან ჯერჯერობით კვლავაც რჩება, რადგან კვლავაც მარალი რისკი მომდინარეობს. ესენია: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი იტალია და იაპონია,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.