30 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ გლობალურ კრიზისს კარგად ართმევს თავს და რეგიონში სამაგალითოა - აშშ-ის ელჩი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შეფასებით, საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ გლობალურ კრიზისს ძალიან კარგად ართმევს თავს და ამ მხრივ ქვეყანა რეგიონში სამაგალითოა.

განცხადება ამის შესახებ კელი დეგნანმა ჯანდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. მინისტრმა დიპლომატს კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმართული ღონისძიებები დეტალურად გააცნო და ქვეყანაში ამ კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მას რამდენიმე ქვეყანაში მოუწია მოგზაურობა და საქართველო აეროპორტში კონტროლის მასშტაბებით ნამდვილად გამოირჩეოდა.

"კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ძალიან პროაქტიული ზომები აქვს გატარებული, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, სწორედ ამიტომაა, რომ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ასეთი მცირეა. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო სამაგალითოა რეგიონში.  რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ვაშინგტონიდან, გამოვიარე არა ერთი აეროპორტი და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აეროპორტი ამ კუთხით ყველაზე მეტადაა მობილიზებული. პერსონალი სრულიად აღჭურვილია შესაბამისი დამცავი საშუალებებით. შემოსვლისთანავე უზომავდნენ ტემპერატურას მგზავრებს, იყვნენ ძალიან ორგანიზებულები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს მსოფლიო ჯანდაცვა დგას კრიზისის წინაშე და ამ გამოწვევის საპასუხოდ ყველა უნდა გავერთიანდეთ. აშშ მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან და მთელი მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად, რათა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალაშია, რომ ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. მინდა აღვნიშნო, რომ ვაფასებ საქართველოს იმ ძალისხმევისთვის, რასაც ახორციელებს. აქვე მინდა მოვუწოდო მოსახლეობას დაიცვან რეკომენდაციები, დაიბანონ ხელები, დარჩნენ სახლში, თუ თავს კარგად არ გრძნობენ.  მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ ქართველები ძალიან პასუხისმგებლიანები აღმოჩნდნენ, იცავენ თვითიზოლაციის წესებს და თუ თავს ცუდად გრძნობენ, ამის შესახებ შესაბამის უწყებებს ატყობინებენ. ვთლი, რომ ამ საკითხში მოსახლეობა ძალიან კარგად გყავთ ინფორმირებული. აღნიშნული კი რეგიონს დაეხმარება ხელი შეუშალოს ვირუსის გავრცელებას,"- აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

დღის ამბები