30 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
ოჯახის წევრების მკვლელობისთვის დაკავებულ 40 წლის მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება

სახლში, სადაც 40 წლის მამაკაცმა დედა და და მოკლა, სამართალდამცველებმა მუშაობა დაასრულეს, თუმცა შემთხვევის ადგილი ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში პოლიციამ სახლიდან ნივთმტკიცებები ამოიღო, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის იარაღებიც - სანადირო თოფი და ხანჯალი.

რა მიზეზით მოკლა ლაშა ქამბარაშვილმა მშობელი და საკუთარი და, უცნობია. არაოფიციალური ვერსიით, დღეს დილით ოჯახის წევრებს სახლში ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ.

"კურიერის" ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა სანადირო თოფით რამდენჯერმე ესროლა დედას, შემდეგ დას ხანჯლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 65 წლის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, ქამბარაშვილის 43 წლის და კი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში დაიღუპა.

სოფელ ჭოპორტში სასტიკი მკვლელობის დეტალებზე და მიზეზებზე საუბარი უჭირთ. ამბობენ, რომ ოჯახი კონფლიქტური არ იყო. სახლში მხოლოდ ოჯახის სამი წევრი - დედა, ბრალდებული და მისი და, ცხოვრობდა.

ლაშა ქიმბარაშვილი დანაშაულს აღიარებს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის ჩადენის შემდეგ მას სახლიდან გაქცევა არ უცდია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მოკლული დედა-შვილის ცხედრებს ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდება.

დღის ამბები