რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების წითელი ხაზი ამჯერად სირიაში იდლიბის პროვინციაში გადის. ვითარების უკიდურეს ესკალაციას უკვე მოჰყვა მსხვერპლი. საჰაერო იერიში თურქი სამხედროების კოლონაზე განხორციელდა.
რუსეთის თავდაცვის უწყების განმარტებით, იდლიბში განხორციელებულ ავიაიერიშზე პასუხისმგებელი არ არის. ეს იმ ფონზე, როდესაც ასადის რეჟიმი კრემლის მხარდაჭერით მოქმედებს. უფრო მეტიც, მოსკოვში ამტკიცებენ, რომ თურქი სამხედროების დისლოკაციის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობდნენ. საპირისპიროს ამტკიცებს თურქეთი.
ანკარის ცნობით, რუსულ მხარეს ინფორმაცია წინასწარ მიაწოდეს. თუმცა, იერიში მაინც განხორციელდა. ვითარების ესკალაციის ფონზე ანკარამ ნატოს მიმართა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო რეჟიმში შეკრება მოითხოვა.
შეხვედრა მართლაც გაიმართა, თუმცა, როგორც ჩანს, მეხუთე მუხლის ამოქმედების თაობაზე მსჯელობა არ ყოფილა. ნატო ამ ეტაპზე მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერით შემოიფარგლა.
მანამდე სახელმწიფო მდივანმა რუსეთს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა და შეახსენა, რომ თურქეთი ნატოს წევრი და შტატების მოკავშირე ქვეყანაა, რომლის მიმართ მათი მხარდაჭერა ურყევია.
თურქეთსა და რუსეთს შორის ვითარების ესკალაციას აკვირდებიან ქართველი ანალიტიკოსები. სამხედრო ექსპერტ ამირან სალუქვაძის თქმით, რუსეთი ცდილობს სირიაში ერთადერთი დომინანტი ძალა იყოს.
სალუქვაძე იმასაც განმარტავს, რომ ახლა რუსეთ-თურქეთის ინტერესები სირიაში გადაიკვეთა და ეს ორი ქვეყნის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების მთელი პაკეტის მხოლოდ ნაწილია.
რონდელის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი ორ ქვეყანას შორის ვითარების კიდევ უფრო ფართომასშტაბიან ესკალაციას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ რუსეთმა თურქეთთან თავისი რეალური სახე გამოავლინა.
თურქეთი, გარდა სამხედრო აგრესიისა, სხვა გამოწვევის წინაშეც დგას - სირიელი ლტოლვილები მრავალწლიანი სამოქალაქო ომის ფარგლებში თავშესაფარს სწორედ ოფიციალური ანკარისგან იღებდნენ. მას შემდეგ, რაც იდლიბში ასადის რეჟიმმა ინტენსიური შეტევები დაიწყო, ანკარამ ევროპა ახალი საიმიგრაციო კრიზისის თაობაზე გააფრთხილა.
სწორედ ასადის რეჟიმისა და რუსეთის ავიაციის მიერ მიტანილი იერიშების გამო, კონფლიქტის ზონა მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა და თურქეთისკენ დაიძრა. ევროპას ანკარა უმოქმედობაში ადანაშაულებს და სწორედ ამ მიზეზით განაცხადა, რომ დევნილთა ნაკადს აღარ შეაჩერებს.
მიგრანტების ახალი ტალღა ევროპისკენ უკვე დაძრულია.