საარჩევნო თამაშის წესების დადგენამდე, არაფორმალურ პოლიტიკურ შეხვედრებზე კონკრეტული დათქმებიც გაჩნდა.
40 %-ზე დაბალი მხარდაჭერის პარტიები მთავრობას არ დააკომპლექტებენ და გამოირიცხება მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის შესაძლებლობა - ამას მმართველი გუნდი თანხმდება. დღეს კიდევ ერთი განცხადება ამ თემაზე გერმანიის ელჩთან შეხვდრის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.
არჩევნებში ხმების მიღება და ამომრჩეველთა პროცენტული მხარდაჭერის დათვლა მეორე ეტაპია, პირველ ეტაპზე პარტიებმა საარჩევნო სისტემის დილემა უნდა გადაჭრან.
ვერსიებსა და უპირატესობებზე მთელი დღის განმავლობაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობა იყო.
გერმანული მოდელისა და 100/50-ზე პრინციპის შემდეგ, არაფორმალურმა შეხვედრებმა კიდევ რამდენიმე ვერსია გააჩინა, რომლის ირგვლივაც შეთანხმების შესაძლებლობას პოლიტიკურ პარტიათა ნაწილი უშვებს, ნაწილისთვის კი ყოველ ჯერზე, კიდევ უფრო გართულებული მათემატიკური ვარიაციები ხელისუფლების მხრიდან მიუღებელია.
სულ უფრო შეზღუდული ვადების პირობებში, ხელისუფლება პროცესის დაჩქარების აუცილებლობაზე საუბრობს, რათა წინასაარჩევნო კამპანია მეტი სიცხადით დაიწყონ. პარალელურად კი, მმართველ გუნდში ოპოზიციის ნაწილს უპასუხისმგებლო განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ, რათა პროცესები არ დაზიანდეს.
დროის სიმცირის პარალელურად, პროცესებში გარდამტეხი ცვლილებებისთვის გააქტიურდა დიპლომატიური კორპუსი. რამდენიმე არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, მართალია კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიღებულა, თუმცა გაჩნდა მოლოდინი, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში, თვეების განმავლობაში გაჭიანურებული პროცესის ირგვლივ მსჯელობის ერთი ეტაპი დაიხურება.