30 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
კორონავირუსი და მსოფლიო - COVID-19 კიდევ 10 ქვეყანაში გამოვლინდა 

კორონავირუსმა უკვე 58 სახელმწიფოში შეაღწია. იზრდება ვირუსის გავრცელების დინამიკა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის ახალი შემთხვევა კიდევ 10 სახელმწიფოში გამოვლინდა. ახალი ვირუსი უკვე დაფიქსირდა აზერბაიჯანში, ლიეტუვაში, ბელარუსში, ნიგერიაში, სანმარინოში, მექსიკაში, ნიდერლანდებში, ახალ ზელანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში. უმეტეს შემთხვევაში, ინფექცია იტალიიდან დაბრუნებულ პირებს დაუდგინდათ.

კვლავ საგანგაშოა დაავადებულთა სტატისტიკა იტალიაში. ვირუსმა უკვე 17 ადამიანი იმსხვერპლა. დაავადებას 700-მდე პაციენტი ებრძვის. ამ დრომდე კარანტინში რჩება ჩრდილოეთ იტალიის 10-ზე მეტი ქალაქი. ქვეყანაში დახურულია სასწავლო დაწესებულებები და კულტურული ცენტრები. დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა საფრანგეთშიც. დაავადებულთა რიცხვმა 40-ს მიაღწია. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 2 ადამიანი.

სწრაფი ტემპით იზრდება დაინფიცირებულთა სტატისტიკა ირანშიც, სადაც ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა 338-ს მიაღწია. დაავადებულთა შორის არიან ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი და პარლამენტის წევრები. ახალმა ვირუსმა უკვე 34 ადამიანი იმსხვერპლა. ფატალური შემთხვევების რაოდენობით ჩინეთის შემდეგ ირანში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. საგანგაშო სტატისტიკის მიუხედავად, ქვეყანაში კარანტინი არ ცხადდება, მოსახლეობა კი მთავრობას ინფიცირებულთა რეალური მონაცემების დამალვაში ადანაშაულებს.

გაორმაგებულია ინფიცირების შემთხვევები სამხრეთ კორეაში. ქვეყნაში დაავადებულთა რიცხვი უკვე 2 000-ს გადასცდა. COVID 19-მა ქვეყნაში 13 ადამიანი იმსხვერპლა. კორეელები ქვეყნის პრეზიდენტს კორონავირუსის წინააღმდეგ არაეფექტურ ბრძოლაში ადანაშაულებენ. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის გადადგომის შესახებ პეტიციას მილიონზე მეტმა ადამიანმა ხელი უკვე მოაწერა. სეულში შექმნილი ვითარების გამო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები დაიხურა.

მსოფლიოში გაზრდილი დაინფიცირების შემთხვევების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაავადების გავრცელებისგან დაზღვეული არც ერთი ქვეყნა არ არის.

გაუქმებულმა რეისებმა და სამგზავრო შეზღუდვებმა მსოფლიოში უკვე გამოიწვია სერიოზული ეკონიმიკური კრიზისი. მსოფლიო საფონდო ბირჟებმა მხოლოდ ერთ დღეში 5 ტრილიონით იზარალეს. ეს 2008 წლის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინანსური კრიზისია. კორონავირუსის საფრთხის გამო, ჰიუნდაიმ სამხრეთ კორეაში ქარხანა დახურა. გაუქმდა ჟენევის საერთაშორისო მოტორშოუც. ზომები მკაცრდება ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, სადაც კორონავირუსის საფრთხის გამო ევროპარლამენტი მუშაობას ტელეკონფერენციის ფორმატში გეგმავს.

ავტორი: ანი მურადაშვილი

დღის ამბები