მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემის პრეზენტაცია გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის დანერგვის მიზანია მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის, კოორდინაციისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა იმგვარად, რომ საჯარო უწყებების მიერ განხორციელებული რეფორმები და პროექტები იყოს მეტად შედეგებზე ორიენტირებული, მეტი საზოგადოებრივი სიკეთის მომტანი.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითმა და გაეროს განვითარების ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა.
"ბოლო წლების განმავლობაში, საჯარო მომსახურების რეფორმის კუთხით, საქართველომ ძალიან შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. გვჯერა, რომ ეს რეფორმები წარმოადგენს ქართველი ხალხისთვის სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების კატალიზატორს. თითქმის 3 წლის წინ, მე ვმონაწილეობდი ამ პარტნიორობის შექმნის პროცესში და ამ 3 წელიწადში განხორციელდა ბევრი რეფორმა და ცვლილება. მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში, მაგალითად, მიღებულია უამრავი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრირების რეფორმის ფარგლებში. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ადმინისტრაციის ურყევმა გადაწყვეტილებამ - საჯარო ადმინისტრირების რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით, ასევე, ღიაობამ ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვასთან დაკავშირებით. ამ რეფორმების განხორციელებაში საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას,"- განაცხადა ჯასთინ მაქენზი სმითმა.
"ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ეს კონკრეტული რეფორმა, როგორც ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმის შემადგენელი ნაწილი. საჯარო მომსახურების, ადმინისტრირების რეფორმა საკვანძო ნაწილია პრემიერ-მინისტრის მიერ გატარებული ბევრად უფრო ფართო რეფორმისა. UNDP-სთვის დიდი პატივია ამ პროცესში მონაწილეობა, არა მხოლოდ საქართველოში - ადგილობრივ დონეზე, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით, რადგან ყოველივე ეს საქართველოსთვის წარმოადგენს კიდევ ერთ "ოქროს ვარსკვლავს" დემოკრატიული რეფორმების გზაზე,"- განაცხადა ლუიზა ვინტონმა.