კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია საქართველოს მოქალაქეებმა ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში ვიზიტებისა და მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
საქართველოს იმ მოქალაქეებმა კი, ვინც ამ ქვეყნებში უკვე იმყოფებიან, უნდა დაიცვან ადგილობრივი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, განცხადება გაავრცელა:
"უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში საქართველოში მოგზაურობენ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.
საქართველოს მოქალაქეების და დროებითი ბინადრობის უფლების მქონე პირების გარდა:
ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, შეეზღუდებათ საქართველოში შემოსვლა.
ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, იაპონიაში, ვალდებულნი არიან განაცხადონ ხსენებულის შესახებ, დაექვემდებარონ ინტენსიურ შემოწმებას, დაელოდონ ტესტების შედეგებს და დაემორჩილონ შესაბამისი სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებას (კარანტინის რეჟიმი, თვითიზოლაციის რეჟიმი, უკან დაბრუნება) და სრულად გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები.
საქართველოს მოქალაქეები და დროებითი ბინადრობის უფლების მქონე პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, ვალდებულნი არიან განაცხადონ ხსენებულის შესახებ, დაექვემდებარონ ინტენსიურ შემოწმებას და 14 დღიანი კარანტინის პროცედურას.
კორონავირუსის გავრცელების პირობებში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ მოგზაურობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა," - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.