სირიის შეიარაღებული ძალები ცდილობს, კვლავ დაიბრუნოს კონტროლი იდლიბზე, რომელსაც ამჟამად თურქი სამხედროების მიერ მხარდაჭერილი ამბოხებულები აკონტროლებენ.
ამ დრომდე სირიელ მაღალჩინოსნებს იდლიბში სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
BBC-ს ინფორმაციით, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ტელეფონით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა. მევლუთ ჩავუშოღლუსთან სტოლტენბერგმა სირიის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერი რუსეთის ავიადარტყმები დაგმო.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მხარს უჭერენ ნატოს მოკავშირე თურქეთს და ასადის რეჟიმს, რუსეთსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს მოუწოდებენ, სასწრაფოდ შეწყვიტონ თავდასხმები.
თურქი სამხედროები იდლიბის პროვინციაში, რომელიც ამბოხებულების მიერ უკანასკნელი კონტროლირებადი ტერიტორიაა, ანკარასა და მოსკოვს შორის 2018 წელს დადებული დეესკალაციის შეთანხმების ფარგლებში იმყოფებიან. სირიის ხელისუფლებამ ბოლო კვირების განმავლობაში ამბოხებულებზე ავიაიერიშები მიიტანა.
CNN-ის ინფორმაციით, იდლიბის პროვინცია ბოლო ორ თვეში ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა, უახლოეს მომავალში კი მათ კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი მიემატება. გაეროს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის 700 000-მდე ქალი და ბავშვია.