შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსულ მგზავრებს შეამოწმებს და საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციას დაარეგისტრირებს.
ამ დროისთვის, მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. ასევე, რისკ ჯგუფად განისაზღვრა ყველა ის ადამიანი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ამ ქვეყნებში.
მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში: "წითელი ხიდი", "სადახლო", "სარფი" და "დარიალი", ასევე, საქართველოს სამივე აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ ხდება.
უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების გამო, ჟურნალისტებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება შეეზღუდებათ.