ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეიზღუდა. გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმმა მიიღო.
ხიდის ჩაკეტვის მიზეზი, სავარაუდოდ, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის გამოვლინებაა.
როგორც ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა საქართველოს მოქალაქემ უთხრა, გალში მცხოვრებლებს დანარჩენ საქართველოში უკვე აღარ ატარებენ.
"სტუმრად ვიყავი და გადმოვედი. როგორც ვიცი, იქეთაც უშვებენ მხოლოდ მათ, ვინც ადგილობრივია. ერთი საათით მთლიანად ჩაიკეტა, თუმცა, მოგვიანებით, ე.წ. მესაზღვრეებმა გამშვები პუნქტი ისევ გახსნეს," - აღნიშნა მან.
გამშვებ პუნქტზე ასევე აღარ უშვებენ ტურისტებს. ბრაზილიელი ტურისტები, რომელთაც აფხაზეთის მონახულება სურდათ, ე.წ. მესაზღვრეებმა უკან გამოუშვეს, მიზეზად კი კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი დაუსახელეს. ამ დროისთვის ხიდზე მხოლოდ მათ უშვებენ, ვინც გალში ცხოვრობს.