"მივიღეთ გადაწყვეტილება, ირანის მიმართულებითაც სახმელეთო მიმოსვლის დროებით შეჩერების თაობაზე," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები სიტუაციას სრულად აკონტროლებენ.
"მოგეხსენებათ, გუშინ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პირველ რიგში მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათა საბჭო სრულად აკონტროლებენ სიტუაციას. მთავარი გახლავთ ის, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, ის რეკომენდაციები, რომელსაც უკვე რამდენიმე დღეა ჩვენ ვავრცელებთ მედია საშუალებების მეშვეობით.
აქტიურად გრძელდება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც შეიქმნა 28 იანვარს და სწორედ ამ საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად მოხდა შესაძლებელი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება. სწორედ ისე, რომ ფაქტობრივად ამ შემთხვევას არ ჰქონია ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შეხება, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა პირველად საზღვარზე, რისთვისაც თითოეულ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელს უნდა გადავუხადოთ მადლობა, ისევე როგორც მესაზღვრეებს და საბაჟოს თანამშრომლებს.
მინდა იცოდეთ, რომ ის გეგმა, რომელიც შემუშავებულია მთავრობის მიერ, თანმიმდევრულად ხორციელდება. პირველი ნაბიჯი გახლდათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი ფრენების შეზღუდვა, ამის შემდგომ იყო მიღებული გადაწყვეტილება ირანიდან პირდაპირი ფრენების შეზღუდვა და ბოლოს, ჩვენ გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება სახმელეთო მიმოსვლის დროებით შეჩერების თაობაზე ირანი მიმართულებით.
ეს ის ნაბიჯებია, რომელიც გვაძლევს გარანტიას იმისთვის, რომ ვმართოთ ეს პროცესი და ამასთან ყველას უნდა გვესმოდეს, ეს არის გლობალური გამოწვევა და ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა სრულად თანამშრომლობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ძირითადი რესურსი არის გამოყენებული იმისთვის, რომ ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორები, როგორც რეგიონში, ასევე გლობალურად," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.