30 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
საბერძნეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

"კოვიდ 19"-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საბერძნეთში. 40 წლის ქალი სალონიკის საავადმყოფოშია მოთავსებული. პაციენტი მანამდე იტალიას სტუმრობდა. ევროპის ქვეყნებში ვირუსი ძირითადად იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს დაუდგინდათ.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 300-ზე მეტი შემთხვევა და გარდაცვალების 12 ფაქტია. ინფექცია პირველად დადასტურდა ლათინო ამერიკის ტერიტორიაზეც, ბრაზილიაში, სადაც კარნავალი მიმდინარეობს და მილიონობით ტურისტია.

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილი 60 წლის კაცია. მანამდე საფრანგეთში 80 წლის ჩინელი ტურისტი დაიღუპა.

ირანში კი კორონავირუსით კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა. 140-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც. სამხრეთ კორეაში დღეს კორონავირუსი კიდევ 115 ადამიანს დაუდგინდა. ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში დაინფიცირებულია 1300 ადამიანი.

კორონავირუსის ახალი შემთხვევებია კიდევ 2 ქვეყანაში. "კოვიდ 19" რუმინეთსა და ალჟირში დაფიქსირდა. პოზიტიური ცვლილებაა ვიეტნამში. ქვეყანაში დაინფიცირებული 16 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

ვაქცინაზე მუშაობის პარალელურად, შეერთებულ შტატებში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის გამოცდა დაიწყო. პირველადი ინფორმაციით, ანტივირუსულ პრეპარატ "რემდესივირს" კორონავირუსის დამარცხება შეუძლია.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩინეთსა და ირანს ვირუსთან დაკავშირებული მონაცემების დამალვაში ადანაშაულებს და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდებს. ირანის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ შტატები პანიკას თესავს.

დღის ამბები