რას აპირებს ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ეყოლებათ თუ არა პარტიებს საერთო კანდიდატები მაჟორიტარულ ოლქებში. ვრცელდება განსხვავებული ინფორმაციები, როგორც სიებზე, ასევე ოპოზიციის თანხმობაზე ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
მოსალოდნელი კანდიდატების გავრცელებულ სიასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და განაცხადა რომ ეს პროცესი დახურულ კარს მიღმა არ უნდა მიმდინარეობდეს:
"ეს შეთანხმება უნდა მოხდეს არა სადღაც დახურულ კარს მიღმა გარიგებების მეშვეობით, არამედ ღიად, გამჭვირვალედ,სამართლიანად და საზოგადოების გასაგებად, თუ ვინმეს უნდა ქართულ ოცნებას და ივანიშვილს დაეხმაროს ხელისუფლების შენარჩუნებაში, მაშინ სწორედ ეს ტაქტიკაა, გაუგებარი ინფორმაციის გავრცელება არარსებულ შეთანხმებაზე," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ინფორმაციას არასწორს უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე, მისი თქმით, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა:
"არ არის ეს სწორი ინფორმაცია პარტიაშიც კი არ გვქონია მსჯელობა ამის შესახებ. სია და მაჟორიტარული ოლქები განაწილდება საბოლოოდ მას შემდეგ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ოპოზიცია. როდესაც თბილისში 22 ოლქიდან 6-ში სავარაუდო სახეს დაინახავ, რომელიც შეიძლება 1-2 პარტიის წარმომადგენელი იყოს, ბუნებრივია, ბადებს გაურკვევლობას და აბსოლუტურად არარეალურად ასახავს ვითარებას," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არაა:
"კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ჯერ არ არის საბოლოოდ შეთანხმება, თუმცა ბუნებრივია, ლიდერებზე არის საუბარი და ისინი დადგებიან გარკვეულ ოლქებში. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატები, მაგრამ ეს არის შესათანხმებელი მთლიანად ოპოზიციასთან და იმ გარემოებებთან მიმართებაში, სად ვინ იქნება უფრო სასარგებლო," - განაცხადა სერგო რატიანმა.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ ყველაფერი წინასწარი საუბრის დონეზეა და შეთანხმება მიღწეული არაა.
"შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა, ეს ყველაფერი არის წინასწარი საუბრის დონეზე და იმაზე საუბარი, რომ რომელიმე ოლქში, რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსი იქნება წარდგენილი, ჯერ ნაადრევია. ეს არ არის ოპოზიციის პრიორიტეტი ახლა, რომელ ოლქში რომელი კანდიდატი იქნება. ბუნებრივია, როდესაც საუბარია საერთო შეთანხმებაზე, ეს გვარები და სხვა გვარებიც ბუნებრივად შეიძლება მუსირებდეს, მაგრამ ამაზე საუბარი კონკრეტულად დაწყებული არაა," - აღნიშნა ბიწაძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციის საერთო კანდიდატებზე არ საუბრობს, თუმცა აქცენტს ოპოზიციის გაერთიანებაში შემავალი პოლიტიკური ძალების განსხვავებულობაზე აკეთებს და აცხადებს, რომ ისინი სტაბილურ მთავრობას და მითუმეტეს სტაბილური მმართველობის სისტემას ვერ შექმნიან:
"შეთანხმდებიან თუ არ შეთანხმდებიან, ეს ჩემი საფიქრალი არ არის. საზოგადოებამ უნდა იფიქროს მართლები ვიყავით თუ არა, როცა ვამბობდით, რომ ეკლექტიკა და განსხვავება არ ქმნის საფუძველს იმისა, რომ ოდესმე თუკი ეს გაერთიანებული ოპოზიცია უპირატესობას მოიპოვებს შექმნის სტაბილურ მთავრობას და მითუმეტეს სტაბილური მმართველობის სისტემას ეს არის პრობლემა და არა ის რომ ქართულ ოცნებას უნდა თუ არ უნდა ხელისუფლების შენარჩუნება. პარტიული ინტერესიდან არ გამოდის ჩვენი პოზიცია და ეს დაადასტურა დღევანდელმა ვითარებამ,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.