30 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
სოციალური საცხოვრისის ბინადრები ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბინადრებსა და მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მერიის თანამშრომელს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც ის საცხოვრისში მადლიერების სახლიდან მიყვანილი ქალის დაბინავებას ცდილობდა. 

სოციალური საცხოვრისის ბინადრების თქმით, ისედაც ვიწროდ ცხოვრობენ, საკმარისი ფართობი არ აქვთ და მათთან სხვისი შეყვანა შეუძლებლია.

მერიის წარმომადგენლის განმარტებით კი, საცხოვრისის ბინადრებმა ამ ქალის შეშვებაზე უარი თქვეს და მერიის თანამშრომელ ზურაბ ბურჯანაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას დაზიანება სახის არეში აქვს მიყენებული.

"ალბათ ორ ათეულზე მეტი ადამიანი იქნებოდა. აგრესიით წამოვიდნენ, აქ სხვას არ შემოვუშვებთო. მოხუცი ქალბატონის განთავსება გვინდოდა იმ ოთახში, რომელშიც ერთი ადამიანი დროებით გვყავს შესახლებული. ზურა ბურჯანაძეს დაზიანებული აქვს თვალი და დაზიანებები აღენიშნება სახის არეში," - ამბობს მერიის საბინაო სამსახურის ხელმძღვანელი ჯონი არაბიძე.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

დღის ამბები