30 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
გაფიცვა ტყიბულში - მეშახტეები ახალ ინვესტორს დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ

ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის 200-ზე მეტი თანამშრომელი პროტესტს აგრძელებს. ისინი ინვესტორს დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ არაერთი თანხმობის მიუხედავად, ხელმძღვანელობამ სამუშაო პირობები არ გააუმჯობესა.

დასაქმებულები, ასევე, აპროტესტებენ იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მეშახტეები საკუთარ საქმიანობას, ძიძიგურის ნაცვლად, მინდელის სახელობის შახტში გააგრძელებენ. ეს კი წინაპირობა იქნება იმის, რომ ასობით ადამიანი სამუშაო ადგილის გარეშე დარჩეს, რადგან მეშახტეები შიშობენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარდგენილი ინვესტორი ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს და ამ მიზეზით ობიექტის მუშაობას გააჩერებს.

ასევე, მეშახტეების განმარტებით, მათი მინდელის შახტში გადასვლა დამატებით საფრთხეებს შეუქმნის დასაქმებულებს, რადგან აღნიშნულ შახტში ტექნიკურმა გაუმართაობამ არაერთი ტრაგედია გამოიწვია.

მეშახტეები მოითხოვენ, რომ მუშაობა კვლავ ძიძიგურის სახელობის შახტში გააგრძელონ.

"პირობები არ გვაქვს ნორმალური. ახლა უნდა ამ შახტიდან იქით გადაგვიყვანონ. ის შახტი არ არის საიმედო. თუ რამე შემთხვევა იყო, იქ მოხდა. თუ ჩავალთ შახტში, არც ამოვალთ, სანამ არ დაგვაკმაყოფილებენ," - განაცხადა მეშახტე ტარიელ გამყრელიძემ.

"მოვიდა ახალი ინვესტორი, როგორც წარგვიდგინა ქალბატონმა თურნავამ, პირობების გაუმჯობესების მიზნით. რაღაც მილიონებზე იყო საუბარი აქ და მილიონი კი არა, 6 ლარის რამეც არ არის ნაყიდი," - განმარტა შეშახტემ ირაკლი ჩიხრაძემ.

"შესაძლებელია, ჩვენ იქით გადასვლას მოჰყვეს თანამშრომელთა შემცირება. კომპანიიდან დიდი დაპირებაა, რომ არ შემცირდება არცერთი თანმაშრომელი, მაგრამ ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება, რა დროსაც დაირღვა შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კომპანიაა, მაინც უიმედოდ არიან დასაქმებულები, რომ მოხდება შემცირება," - აღნიშნა მეშახტე ონისე საბანაძემ.

დღის ამბები