"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციაში საარჩევნო სისტემასა და პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით სრული კონსენსუსი არსებობს. მისი თქმით, ხელისუფლებამ პროპორციულობის სისტემაზე დაფუძნებული წინადადება უნდა წარმოადგინოს და შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, რომელიც ქვეყანაში საარჩევნო გარემოს არაჯანსაღს ხდის.
"არის 2 თემა ურთიერთდაკავშირებული. ერთია საზოგადოების პატივისცემა, დაკვეთის შესრულება, რომ შედგეს კომპრომისი საარჩევნო სისტემაზე ისეთი, რომელიც არსებითად პროპორციულია და ბევრი ვარიანტი შევთავაზეთ ჩვენ და მეორე, ეს არის სისხლის სამართლის პოლიტიკური დევნა და ის ატმოსფერო, რომელიც შეუძლებელს ხდის ნორმალურ საარჩევნო ვითარებას, იმის მიუხედავად, რომ მაინც დამთავრდება ივანიშვილი. ამ ორ საკითხზე, ამ მაგიდასთან, ამ მომენტში სრული კონსენსუსია," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციონერები ხელისუფლებასთან დიალოგის ფორმატში დაბრუნებას არ აპირებენ, თუმცა, მათი გადაწყვეტილებით, დიპლომატებს შეხვდებიან და მათი მეშვეობით გაიგებენ, რას აპირებს ხელისუფლება.