საქართველოს უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა რუსული კიბერშეტევის ფონზე. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შემდეგ მომხდარს ამერიკის თავდაცვის უწყებაში ეხმაურებიან. პარალელურად, 2008 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ კიბერშეტევას რუსეთიდან კიდევ უფრო მეტი სახელმწიფო გმობს და საქართველოს სოლიდარობას უცხადებს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შემდეგ, რუსეთის უკანონო ქმედებაზე პენტაგონი, რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაწესების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად მონტენეგრო, რუმინეთი და ისლანდია აკრიტიკებს.
საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევა მიუღებელია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვისაც. NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიბერუსაფრთხოების საკითხებში ქვეყანას მხარდაჭერას საერთაშორისო მედიის საშუალებით უცხადებს. რუსეთის ქმედებებს გმობენ სუამის წევრი ქვეყნებიც.
ე.წ "ГРУ-ს" სპეციალური დანაყოფის მიერ ოფიციალურ, თბილისის სტრატეგიული ობიექტების კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის გამო საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები მოკავშირე ქვეყნების მხრიდან ამ დრომდე არ ჩერდება.
საქართველოზე მიტანილი კიბერდარტყმა რუსეთის კრიტიკის მიზეზი გახდა მსოფლიო მედიისთვისაც. მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ საქართველო, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადების შემდეგ მოექცა. რუსეთის უმძიმეს ბრალეულობაზე სტატიებს "ნიუ იორკ თაიმსი", "ვოშინგტონ პოსტი", "ბლუმბერგი", "ბიბისი" და სხვა გამოცემები აქვეყნებენ. მომხდარის გამო შეშფოთებას ვერ მალავს დიპლომატიური კორპუსი საქართველოში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღის ბოლოს ოფიციალური თბილისის ბრალდებებს უპასუხა, საქართველოში 3 თვის წინ განხორციელებულ მასობრივ კიბერშეტევაში მონაწილება უარყო და ქართული მხარის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.
2019 წლის 28 ოქტომბერს 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე, მათ შორის სამთავრობო, სასამართლო და მედიის სერვერებსა და ოპერაციულ სისტემებზე კიბერშეტევაში, რუსეთის მოტივად ქართული მხარე ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებასა და საზოგადოებაში მღელვარების დათესვას ასახელებს.
ავტორი: ირმა კურტანიძე