საქართველოზე კიბერშეტევასთან დაკავშირებით ბრალდებებს ოფიციალური მოსკოვი უარყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კიბერთავდასხმაში მოსკოვის მონაწილეობის მტკიცებულება არ არსებობს და მსგავსი შინაარსის შეფასებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს არ სურს უარი განაცხადოს რუსეთის დემონიზირების ხაზზე და გასული წლის კრიზისიდან გაკვეთილი ისწავლოს, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სამწუხაროა.
"სახეზეა დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული აშკარა დადგმული ინფორმაციის გავრცელება. საქართველოს ელექტრონულ ქსელებზე განხორციელებულ დამაზიანებელ აქტივობებში რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების მონაწილეობის მტკიცებულება არ არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს.
ყურადღებას იქცევს ვაშინგტონის, ლონდონის, თბილისისა და სხვების მიერ მოწყობილი პროპაგანდისტული სინქრონიზებული აქცია. სამწუხაროა, რომ საქართველოში არ სურთ უარი თქვან რუსეთის დემონიზირების ხაზზე და გასული წლის კრიზისიდან გაკვეთილი ისწავლონ. ყველაფერი ეს დამატებით ჩრდილს აყენებს ისედაც რთულ ორმხრივ ურთიერთობებს.
კვლავ დარწმუნებულები ვართ, რომ არსებული უთანხმოების გადალახვა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება რუსი და ქართველი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს პასუხობს," - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.